ამ წუთებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები შსს-თან იკრიბებიან. გათავისუფლდეს გიორგი მუმლაძე და შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა – ითხოვენ აქციის მონაწილეები.
"ეს იქნება სოლიდარობის აქცია, მათ შორის იქნება პერფორმანსები და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ გიორგი მუმლაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას. გავაგონებთ ხელისუფლებას ჩვენს ხმას და იმას, რომ ვერც ერთ სამოქალაქო აქტივისტს ხელისუფლება ვერ დაჩაგრავს"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ორგანიზაციის წევრი გიორგი მუმლაძე "ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშული კი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.