ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა საპატიმრო.
“პირველ რიგში, ვულოცავ გიორგი მამალაძეს და მის ოჯახს ამ მძიმე ბრძოლის შემდგომ გათავისუფლებას. მქონდა უშუალო კომუნიკაცია გიორგი მამალაძესთან და მითხრა, რომ რეანიმობილში სვამდნენ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. შვიდწლიანი პატიმრობიდან ბოლო ხუთი წელი მარჯვენა ხელი და ფეხი აქვს სრულად პარალიზებული, ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. გიორგი მამალაძემ მისჯილი ცხრა წლიდან მოიხადა შვიდი წელი. შესაბამისად, ის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა საპატიმრო, მოხდილი სასჯელიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, პროკურორის ვერსიით დაზარალებული პიროვნება ვინც არის, მან დაწერა წერილობით, რომ თანახმა იყო ვადაზე ადრე განთავისუფლებულიყო მამალაძე საპატიმროდან. ყველა ერთობლივმა გარემოებებით, ჩვენ ნამდვილად გვქონდა მოლოდინი, რომ ის გათავისუფლდებოდა. ე.წ. უდოთი გათავისუფლების შესახებ გიორგი მამალაძისგან მოვისმინე. არ ჩაგვბარებია არანაირი წერილობითი დოკუმენტი“, – განაცხადა ფანცულაიამ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიუსაჯა.