ბიზნესმენებს კლასიკური გაგებით ბიზნესმენს ვერ დავარქმევდი. ესენი არიან ხელისუფლების გაგრძელება. ისინი მდიდრდებიან დაუმსახურებლად, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესმენები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან.
“ბიზნესმენებს კლასიკური გაგებით ბიზნესმენს ვერ დავარქმევდი. როგორ შეიძლება, “ვისოლს” დავარქვა კლასიკური გაგებით ბიზნესმენი, როდესაც მთელმა ქალაქმა იცის, რომ კალაძესთან ერთად კორუმპირებულ გარიგებაში 80-სართულიან სახლებს აშენებს და ნებართვებს იღებს 30-31 დეკემბერს ყველანაირი რეგულაციის დაცვის გარეშე. ეს არის შეზრდილი ხელისუფლებასთან, ამ შემთხვევაში – კალაძესთან. როგორ შეიძლება ბიზნესმენი დავარქვა “არქის”, რომელსაც მოძიებული ინფორმაციით, დაახლოებით, 3 მილიონი კვადრატული მეტრის ნებართვები აქვს მიღებული.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიხდით ამ ყველაფერს. ესენი არ არიან კლასიკური გაგებით ბიზნესმენები, ესენი არიან ხელისუფლების გაგრძელება. ისინი მდიდრდებიან დაუმსახურებლად”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.