განცხადება, რომელიც ვიხილეთ, არის საერთაშორისო იზოლაციის შედეგი, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” თავად აღიარებს, რომ მთელი მსოფლიო, მთელი ცივილიზებული სამყარო მათ წინააღმდეგაა.
“განცხადება, რომელიც ვიხილეთ, არის საერთაშორისო იზოლაციის შედეგი და ის, რომ პირადად ივანიშვილს და მის რეჟიმს ეტკინა და ამ ფორმის პასუხი გადაწყვიტა, რომ შეეგულიანებინა საკუთარი ამომრჩეველი, რომ ჩვენ იმავე ხაზს მივყვებით და უკან დახევას არ ვაპირებთო.
ივანიშვილი ამ განცხადებით, სინამდვილეში ამბობს, რომ მე მზად ვარ, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ავიტანო უფრო მძიმე სანქციები, რომელსაც დამადებენ. ის ამბობს, რომ მზად ვარ, ჩემი კეთილდღეობისთვის გავწირო ქვეყნის მომავალი და ქვეყნის კეთილდღეობა, მეორე მხრივ, ეს განცხადება არის მათი აწეწილი პროპაგანდისტული ხაზის ერთ ჩარჩოში მოყვანის მცდელობაც.
ფაქტობრივად, ისინი თავად აღიარებენ, რომ მთელი მსოფლიო, მთელი ცივილიზებული სამყარო მათ წინააღმდეგაა”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.