ამომრჩევლის 90%-ისთვის ფარულობა დარღვეულია, რაც არალეგიტიმურობის საფუძველია. ამან უნდა გამოიწვიოს ხელახალი არჩევნები, – ამის შესახებ ცესკოს წევრმა “ძლიერი საქართველოდან” გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2 263-ვე უბანზე მოხდა ის, რაც თეთრიწყაროში.
“თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიღო სამართლიანი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.
მივიღეთ ის შედეგი, რომელიც უნდა მიიღოს ყველა ოლქში, ყველა შესაბამისმა სასამართლომ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2 263-ვე უბანზე მოხდა ის, რაც თეთრიწყაროში, შესაბამისად, ფარულობის კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული, ამომრჩევლის 90%-ისთვის ფარულობა დარღვეულია, რაც არალეგიტიმურობის საფუძველია. ამან უნდა გამოიწვიოს ხელახალი არჩევნები”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.