რა თქვა პარლამენტის წევრმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა საქართველოს გმირის გიორგი ანწუხელიძის შესახებ, რის გამოც სამხედრო და სამოქალაქო პირებს შორის ვნებათაღელვა გამოიწვია. რისი თქმა სურდა წულუკიანს და რატომ გაიგეს მისი განცხადება სხვადასხვაგვარად?
“ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომში მოკლული ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ახსენა. მას ამ ნათქვამის გამო მწვავედ აკრიტიკებენ. მოგვიანებით მის სახლთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ.
რატომ არის ასეთი განცხადებები სენსიტიური საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით სამხედრო პირებისთვის? რატომ გახდა 2008 წლის ომის საკითხი კვლავ აქტუალური? ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე საუბრობს.
– თეა წულუკიანის განცხადება პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა, თუმცა ეს განცხადება საკმაოდ მწვავე სამხედროებისთვის აღმოჩნდა. როგორც პრემიერმა კობახიძემ განმარტა, თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ქვეყნისთვის და შესაძლებელი იყო, ჩვენი გმირები ყოფილიყვნენ ცოცხალი და საკუთარ ოჯახზე ეზრუნათ. პრემიერის თქმით, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია იყო და იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რომელთანაც საქმე გვაქვს. თქვენ როგორ გაიგეთ წულუკიანის ეს განცხადება?
– ქალბატონმა თეა წულუკიანმა მიზანმიმართულად სწორედ ის განცხადება გააკეთა, რომელიც მიმართულია არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, არამედ ანწუხელიძის საქციელის გასაუბრალოებლად. მისი ნათქვამი ნებისმიერი სამხედროსთვის შეურაცხმყოფელი იყო. ყველა ომში, ამა თუ იმ სახელმწიფოს ჰყავს მეთაური, რომელიც ან კარგია ან კიდევ ცუდი. ასე რომ, ეს ბმა მსოფლიოში არსად არ ყოფილა, როცა სამხედროს გმირობას და პოლიტიკურ თუნდაც შეცდომებს, ერთმანეთთან აკავშირებენ. სამხედრო გმირები ცალკე დგანან ყოველთვის და გამორიცხულია როდისმე ვინმემ, მათი საქციელით, გმირობით სპეკულირება მოინდომოს. გერმანია და გერმანული ფაშიზმი მთელი მსოფლიოსთვის მიუღებელი იყო, მაგრამ იყო იგივე სამხედრო მფრინავები, ან რიგითი თუ მაღალჩინოსანი სამხედროები, რომელთა გმირობის შესახებაც წერდნენ. ეს კი ყოველგვარი იდეოლოგიის გარეშე ხდებოდა.
ანწუხელიძის ქმედება ეს არის ერთი ადამიანის გმირობა, რომელიც ხალხისთვის ყოველთვის სენსიტიური თემაა. წულუკიანის განცხადებას ჰქონდა სწორედ სამხედროების და პოლიტიკოსების ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობა. ასევე 2008 წლის ომის გადაწერის მცდელობას აქვს ადგილი. ანწუხელიძის ქცევის ამ დონემდე გაუფასურება და ვიღაცის პიარად შერაცხვა სწორედ რუსული საქმის კეთებაა. რუსებს უნდათ ზუსტად ასე, რომ ამ ომის გაუფასურება და დაღუპულ გმირებზე პასუხისმგებლობის დაკისრება სწორედაც ქართულ მხარეზე მოხდეს. ის, რაც 2008 წელს ხდებოდა, ეს იყო პოლიტიკური შეცდომის შემადგენელი ნაწილი. ამას გულისხმობდა წულუკიანი, ზუსტად ეს თქვა და ამან გამოიწვია აღშფოთება. ანწუხელიძის საქციელს ქართველების თვალში და ზოგადად ადამიანებს, ვერავინ დააკნინებდა. ეს უბრალოდ რუსული პოლიტიკის და ნარატივის გაგრძელება იყო, რომელიც კონკრეტულად ანწუხელიძის წინააღმდეგ იყო მიმართული.
– როგორ ფიქრობთ, 2008 წლის ომთან დაკავშირებული პოლიტიკური დაპირისპირება როგორ და რა ფორმით შესაძლოა, რუსეთმა გამოიყენოს. ამით ხომ არ გაჩნდება არაღიარების პოლიტიკის საფრთხე და რა სახის სპეკულაციები შესაძლო რუსეთის მხრიდან მოჰყვეს?
– ამ ომთან დაკავშირებით ორი საერთაშორისო სასამართლო პროცესი გაიმართა და ორივეში ქართული მხარეა გამარჯვებული. შესაბამისად, ამის გადაწერა შეუძლებელია. ეს დაპირისპირება, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დიპლომატიური და საგარეო პოლიტიკური ნარატივებისთვის. როცა რუსეთი ცდილობს შეარბილოს ოკუპანტის და აგრესორის როლი, როგორც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ასევე უკრაინის მიმდინარე ომში. მას ახლა ეს ნარატივი მოლაპარაკებებში ძალიან სჭირდება, ამიტომ მისი ქმედებები თუკი ამ დონემდე იქნება შერბილებული, მისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება. როგორც ვხედავთ, უკრაინასთან მიმართებაშიც მას სჭირდება, რომ ეს იყოს ორ სახელმწიფოს შორის გაუგებრობა და არა აგრესია რუსეთის მხრიდან. ხოლო საქართველოს მაგალითი ამ ნარატივს ძალიან კარგად მოემსახურება. კრემლი ამ განცხადებებს და დაპირისპირებას სწორედ, რომ სათავისოდ მშვენივრად გამოიყენებს.
მათ სურთ 2008 წლის ომი საქართველოში წარმოჩენილი იყოს ასე, რომ რუსეთს ჩვენთან ომი არ სურდა, მაგრამ ის ამ კონფლიქტში იძულებული გახდა ჩათრეული ყოფილიყო. ხოლო პოლიტიკური პიარისთვის ეს ომი მაშინდელმა პრეზიდენტმა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ წამოიწყო. მაშინ გამოდის, რომ რუსეთი ვითომ იძულებული გახდა ამაზე საპასუხო სვლები გაეკეთებინა. ეს ნარატივი მოემსახურება ზუსტად იმას, რომ რუსეთს სამეზობლოში პრობლემები კი არა აქვს და აგრესორი კი არ არის, უბრალოდ გაუგებრობები აქვს. ეს კი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაცილებით რბილად წარმოჩენაა, რაც რუსეთს მისცემს საშუალებას, რომ ამერიკასთან მორალური ფაქტორებიც კი შეიძინოს.
– “ოცნება” ამ განცხადებებით და 2008 წლის ომის თემის ხელახლა წამოწევით რა სახის პოლიტიკურ დივიდენდს იღებს? რაში სჭირდება ახალ ამაზე საუბარი, რა არის რეალური მიზანი? მათ მხარდამჭერებშიც ხომ არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები, რომელთათვისაც ეს თემა საკმაოდ სენსიტიურია?
– მოდი დავიწყოთ იქიდან, როცა ბიძინა ივანიშვილმა ოსებისთვის ბოდიშის მოხდა არ გამორიცხა, ანწუხელიძეზე პირდაპირი იერიში და მისი გმირობის გაუფასურება, ასევე საკითხის კვლავ გააქტიურება ომი ვინ დაიწყო, ძალიან საეჭვო მოქმედებებია. ნებისმიერი ოდნავ ამ საქმეში ჩახედული ადამიანი ხვდება, რომ „ოცნებისთვის“ ეს პოლიტიკურად წამგებიანი თემაა. მათ მხარდაჭერას აკარგვინებს, მაგრამ ამაზე მაინც მიდიან. მაშ რაშია საქმე? აქ უკვე მეორე აზრი აღარ არის, რომ ეს ადამიანები აკეთებენ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. ძალაუფლება, რომელსაც ახლა ეს ხელისუფლება ინარჩუნებს, კრემლიდან წამოსულ დახმარებაზე დგას. ამიტომ გამოდის, რომ ეს ხალხი პირდაპირ დავალებებს ასრულებენ. ხელი ხელს ბანს და ორივე პირს, ზუსტად ასე ჩანს ეს პროცესი. ახლა ისინი არიან მდგომარეობაში, როცა უკან დასახევი გზა არ აქვთ. ისინი ბოლომდე გადაგყვებიან ამ რუსულ პოლიტიკას საქართველოსთან.
– რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრა შედგა. ისინი 4 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ. როგორც კრემლის განცხადებაში წერია, სტივ უიტკოფთან შეხვედრის თემა – უკრაინის დარეგულირების ასპექტები იყო. როგორ უყურებთ ამ მოლაპარაკებების პერსპექტივას, უკვე ერთი თვეა, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის არცერთ შეთანხმებას არ ასრულებს.
– ამერიკას ყველანაირი რესურსი და ბერკეტი აქვს იმის, რომ რუსეთზე ზეწოლის ძალიან ძლიერი მექანიზმები გამოიყენოს. თუმცა ფაქტია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა არათანმიმდევრულია. ახლა მართალია მთელი ზეწოლის ცენტრი რუსეთზე გადავიდა და არ ვიცით ვაჭრობის საგანი რა იქნება, რას დაჰპირდება რუსეთი ტრამპს, ბევრი რამ ამაზე იქნება დამოკიდებული. ასევე ტრამპს მისთვის რა გარანტიების მიცემა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ეჭვქვეშ დგება პუტინის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი. ეს ის მთავარსარდალი აღარ არის, რომელიც გარკვეულ იმედებს აძლევდა რუსეთის მოსახლეობას, რომლებსაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს. ორივე მხარეს ცალსახად ესმით, რომ მათ არც ერთს და არც მეორეს არა აქვთ ბერკეტი იმისთვის, რომ ევროპას ხელი გადაუწიონ. უკრაინაც არ არის ამ ომში მხარე, რომელიც რისკის ზონასთან ახლოს არის. კი ბატონო, ფრონტზე მძიმე ბრძოლები მიდის, მაგრამ გარდამავალი უპირატესობით. ფაქტობრივად უკრაინამ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. ასე ცალსახა არ არის, რომ უკრაინა გადავარჩინოთ, მოლაპარაკების თემა ეს საერთოდ არ არის. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას შეფუთავენ, რომ პუტინმა ძალაუფლება არ დაკარგოს. ვნახეთ დიმიტრიევი,რომელიც ასევე მოლაპარაკების პროცესში ჩანს და ის ამერიკაში ჩადის ხოლმე. ამიტომ მაშინვე ატყდა პუტინის გარემოცვაში განგაში, რომ ის პუტინის მემკვიდრე შესაძლოა, იყოს. ამან კი კრემლში სიმძიმის ცენტრებსა და კლანებს შორის რყევები გამოიწვია. ფაქტობრივად ამ პროცესმა პუტინს მოლაპარაკების გულახდილობა და სიღრმე შეუზღუდა.
– ანუ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ პუტინს შიგნით აქვს გარემოცვაში პრობლემები და მას ამ ეტაპზე არა აქვს დალაგებული ომის შეჩერების საკითხი. ანუ ცეცხლის შეწყვეტა კი უნდა, მაგრამ ამას ჯერჯერობით შიგნით ვერ უძებნის გამართლებას? მას შიდა დაპირისპირების ეშინია?
– რა თქმა უნდა, პუტინი ფრთხილობს, რადგან მას შესაძლოა, შიგნით ელიტებს შორის პრობლემები შეექმნას. გაუგებრობები პრობლემად გადაიქცეს, ამის ალბათობა დიდია. ამიტომ პუტინი ფრთხილობს და ფეხს ითრევს. მას უნდა, რომ ჯერ შიგნით ჰქონდეს მყარი დასაყრდენი. ხელისუფლების შიგნით, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ომის შეჩერებასთან და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასე ცალსახად პუტინი რასაც იტყვის ეს შესაძლოა, რუსი ხალხისთვის მისაღები იყოს, მაგრამ იქ არიან კლანები, რომლებიც ხელისუფლების სიმძიმის ცენტრის მატარებლები არიან. ამიტომ მათ შორის ასეთი დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია. შესაბამისად, პუტინი ამ ეტაპზე ამზადებს, როგორც ჩანს, ნიადაგს და მას სჭირდება გარკვეული დრო, რომ ჯერ შიგნით სიტუაცია დაალაგოს, რაც ფაქტია არა აქვს მოგვარებული. ამიტომ ბევრი რამ ამაზეც იქნება დამოკიდებული და მგონია პუტინი ვა-ბანკზე არ წავა.
ელზა პაპოშვილი