ეს არის ივანიშვილის პანიკა. ეს არის შიშის რეჟიმი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა.
“ჯერ ფონდები დახურეს, რომლებიც რეჟიმის მიერ ნაცემ და ცრუ ბრალდებებით დაკავებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახლა სახლებში შეუვარდნენ, იმიტომ კი არა, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია.
ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსებით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება.
ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა, იმიტომ, რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას.
ეს არის ივანიშვილის პანიკა და ამ პანიკაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა შევხედოთ სერიოზულად: ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედება”, – წერს გიორგი ვაშაძე.
დილიდან რამდენიმე ფონდის დამფუძნებლების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკა ჩატარდა ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი ძმის, აქტივისტი მარიამ ბაჯელიძის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის და აქტივისტ გუგა ხელაიას საცხოვრებელ ბინებში. რამდენიმე ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები და კომპიუტერი.