თუ ვინმეს არაპარტიულს უნდა პარტიაში მოსვლა, შეუძლია მოვიდეს და გააქტიურდეს, არ მგონია, რომ ვინმეს რამე შეზღუდვა ჰქონდეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებაში პრეტენზია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ არის.
“რა თქმა უნდა, პრეტენზია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ არის და მე ამ პრეტენზიას ვიღებ. ყველას გვინდა, რომ შედეგზე გავიდეთ.
თუ ვინმეს არაპარტიულს უნდა პარტიაში მოსვლა, შეუძლია მოვიდეს და გააქტიურდეს, არ მგონია, რომ ვინმეს რამე შეზღუდვა ჰქონდეს.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც პოლიტიკოსს აკრიტიკებს და რომ ეუბნები – მოდი შენ პოლიტიკაში და გადადგი ნაბიჯი, არ უნდათ იმიტომ, რომ რთულია. ძალიან რთულია პოლიტიკოსის ცხოვრება, ეს ნიშნავს მუდმივი დაძაბულობის და თვალთვალის ქვეშ ყოფნას.
საზოგადოებრივი კონსენსუსი არის მშვიდობიანი გზით რეჟიმის ცვლილება. ამას სჭირდება გამძლეობა, არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, არ ვცნობთ მათ და სადაც შეგვიძლია, ყველგან ვაფიქსირებთ ამ პოზიციას. საზოგადოებრივი კონსენსუსია, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და შესაცვლელია.
ყველაზე მეტად ჩვენ დეზინფორმაციის მანქანის წინააღმდეგ ბრძოლაში გვიჭირს. ჩვენ გვჭირდება მწყობრი საინფორმაციო სტრატეგია თავისი გზავნილებით. უნდა ვიცოდეთ – მათი შეტევის სტრატეგიაზე ჩვენ როგორ ვრეაგირებთ. დღეს ისინი არიან ე.წ. დატბორვის სტრატეგიაში, რომ ჩვენ შოკში ჩაგვაგდონ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.