ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ბრიტანეთიდან საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი გაიზარდოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლონდონი და ბრიტანეთი სულ უფრო აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო პოლიტიკაში, და ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის საკითხებსაც ეხება.
როგორც მან აღნიშნა, ლონდონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა პოლიპატიმრებია.
“რაც შეეხება ჩვენს პოლიტპატიმრებს, ერთ-ერთი პირველი, რაც ამ შეხვედრებზე გადავეცით, იყო მათი მშობლების წერილობითი მიმართვა. ეს წერილები გადავეცით როგორც ბრიტანელ კანონმდებლებს, ისე პარლამენტარებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ერთი წლის წინ, როცა ლონდონში ჩავედი, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დაბალი იყო. დღეს კი, როცა პარლამენტის წევრების კაფეში ვიმყოფებოდით, შეხვედრა გვქონდა, სადაც პარლამენტარები ერთმანეთს საქართველოზე ესაუბრებოდნენ.
ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგად, საქართველო დღეს ბრიტანეთის დღის წესრიგში ნამდვილად დგას. მეტ-ნაკლებად, ყველას აქვს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.
ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ბრიტანეთიდან საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი გაიზარდოს. ბრიტანული სანქციები ბევრს აღიზიანებს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ.
ჩვენთვის სასიამოვნო არ არის, რომ სანქციებზე ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯია, რომელიც ხელისუფლების ქმედებებმა განაპირობა.
არ ვიცი, რას ელოდება ეს მთავრობა ამერიკისგან იმედის მომცემს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდი დრო აღარ დარჩა, მალე ვიხილავთ მკაფიო გზავნილებს ამერიკისგან, რომ უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
მთავარი ის არის, რომ ჩვენი მოქმედებები რეალურად ახდენს ზემოქმედებას ხელისუფლებაზე. ახლა ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ის, რაც აქამდე მოვიპოვეთ და გავაგრძელოთ უწყვეტი პროტესტი”, – განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციის ლიდერები დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდებიან.