ევროკავშირმა და აშშ-მა შეწყვიტა ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან”, დადგა დრო ჩვენ გავწყვიტოთ ურთიერთობა ამ ანტიქართულ ძალასთან და წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“დღეს ევროკავშირმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მან შეწყვიტა ურთიერთობა “ ქართულ ოცნებასთან”, ასევე ურთიერთობა შეწყვიტა აშშ-მა. შესაბამისად დადგა დრო, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ურთიერთობა ამ ანტიქართულ ძალასთან, ძალასთან, რომელიც იზოლაციაში აქცევს ამ ქვეყანას, ძალასთან რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა მოსწყვიტოს ცივილიზებულ სამყაროს. ძალასთან, რომელსაც უნდა, რომ უბედურება და გაჭირვება მოიტანოს ამ ქვეყანაში.
26 ოქტომბერი, ეს არის წყალგამყოფი დღე, ჩვენი პარტნიორები ასეთი მკაფიოები არასდროს არ ყოფილან. მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით შეგვიძლია სწრაფად წავიდეთ ევროკავშირისკენ, მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით შეგვიძლია სიკეთე მოვიტანოთ ქვეყანაში.
დადგა დრო, მოვიშოროთ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” იმისათვის, რომ წინ წავიდეთ და განვითარდეთ. ამ ყველაფერს ალტერნატივა უკვე აღარ აქვს, ასეთი მკაფიო, პირდაპირი და ასეთი ერთაზროვანი არასდროს არ ყოფილან ჩვენი პარტნიორები.
ევროკავშირმა და აშშ-მა შეწყვიტა ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან”, დადგა დრო, ჩვენ გავწყვიტოთ ურთიერთობა ამ ანტიქართულ ძალასთან და წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ.
მოვიშოროთ ბიძინა და “ქართული ოცნება”, შევიდეთ ევროკავშირში, მოვიტანოთ კეთილდღეობა, 14 მლრდ ევრო, რომელიც ჩვენთვის გამზადებულია, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ქვეყანა, განვავითაროთ სოფელი და ქალაქი, დავაბრუნოთ ემიგრანტები და დავიწყოთ დიდი აღმშენებლობა.
დადგა დრო იმ დიდ უბედურებას რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია ყველამ ერთად განაჩენი გამოვუტანოთ. გავწყვიტოთ ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან”, წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ. ძალა, რომელსაც უნდა საქართველო დაუმორჩილოს მტერს, იმ ძალას ყველამ ერთად პასუხი უნდა გავცეთ 26 ოქტომბერს”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.