გუშინდელმა დღემ ნათლად გვაჩვენა, რომ საქართველო იშორებს ბიძინა ივანიშვილს, რომ საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” 20%-ზე მეტს ვერ აიღებს.
“გუშინდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ მოვიდა.
გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო იშორებს ბიძინა ივანიშვილს, რომ საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ. გუშინდელმა დღემ მთელ საქართველოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის, რომ საქართველოში ღირსება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა ვერასდროს ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
რაც მთავარია, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ვიმარჯვებთ. გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ იოტისოდენა შანსი არ აქვს დარჩენილი ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” და ეს ზეიმი აუცილებლად უნდა გადავთარგმნოთ 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებაში.
მე ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის ტალღა, რომელიც არის ქართული იდენტობის, წალეკავს ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” და ისინი 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” 20 ოქტომბერს გაიმართა.