დღეს მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, ჩვენს გვერდით დგანან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დღეს მათი წარმომადგენლები აქ იყვნენ და მათი გვერდში დგომა არის მნიშვნელოვანი აღიარება იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში და „ქართული ოცნება“ დამარცხდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, რომ არჩევნები გაყალბდა და გამოძიებაა საჭირო ყველა იმ საკითხზე, რომელიც იყო დანაშაულის კუთხით ჩადენილი.
“დღეს მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, ჩვენს გვერდით დგას ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დღეს მათი წარმომადგენლები აქ იყვნენ და მათი გვერდში დგომა არის მნიშვნელოვანი აღიარება იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში და „ქართული ოცნება“ დამარცხდა და მხარდაჭერა არ აქვს არავის მხრიდან. რაც შეეხება, ჩვენს შეხვედრას ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ავუხსენით რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ და სრული მხარდაჭერა გვაქვს იმაში, რა ნაბიჯებიც გვაქვს ჩამოყალიბებული. პირველ რიგში, ეს არის არაღიარება, არაღიარების მიმართულებით მუშაობა, მეორე – ეს არის საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, რომ არჩევნები გაყალბდა და გამოძიებას ვითხოვთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქ იყო დანაშაულის კუთხით ჩადენილი. ყოველ დღე მეტ მტკიცებულებებს ვპოულობთ და აუცილებელია დაიკითხოს ხალხი.
ჩვენ არ ვითხოვთ მონიტორინგის ჯგუფს, ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას! ჩვენ დავსახეთ გეგმები, როგორ უნდა შევზღუდოთ “ქართული ოცნების“ კონტაქტი გარე სამყაროსთან და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ეს იქნება ორმხრივი შეხვედრების შეუძლებლობა მათთან, ეს იქნება მათი სრულ იზოლაციაში მოქცევა და არის კიდევ ქმედებები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ. ჩვენ შევძლებთ, რომ შევცვალოთ პარადიგმა და არ იქნება ისე, როგორც “ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია, რომ შევიკრიბებით ქუჩაში და დავიღლებით. თვითონ დაიღლებიან და თვითონ იქნებიან ჩიხში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.