მე ვფიქრობ, რომ იქით კვირებში მეტად მწვავე იქნება ჩვენი პროტესტი და გარკვეულ ეტაპზე მეტად მასშტაბურიც გახდება, რადგან არსებობს ცესკოს შემაჯამებელი ოქმი და პარლამენტის პირველი სხდომა, რომელზეც უნდა გვქონდეს განსაკუთრებული აქცენტი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში მიდის განხილვები, რა სახით უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება.
“ჩვენ დავიწყეთ უწყვეტი პროტესტი, უბრალოდ, დღეს წალენჯიხაში მივდივართ მერის დაკრძალვაზე და ხვალიდან გაგრძელდება პროტესტები. მე ვფიქრობ, რომ იქით კვირებში მეტად მწვავე იქნება ჩვენი პროტესტი და გარკვეულ ეტაპზე მეტად მასშტაბურიც გახდება, რადგან არსებობს ცესკოს შემაჯამებელი ოქმი და პარლამენტის პირველი სხდომა, რომელზეც უნდა გვქონდეს განსაკუთრებული აქცენტი მასშტაბური პროცესის თვალსაზრისით. ჩვენ მნიშვნელოვანწილად გვაქვს მოფიქრებული, როდის, რა ტიპის პროტესტი უნდა იყოს და მივყვებით ჩვენს გეგმას. ხშირად მესმის საზოგადოების მხრიდან, თუ, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროტესტი და მზად ვართ ყველას აზრი მოვისმინოთ, თუმცა, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ არის გააზრებული და არავის ეგონოს, რომ ეს არის სპონტანური ნაბიჯები. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული შტაბი, გვაქვს სრული კოორდინაცია ოპოზიციის ფლანგზე, გუშინ შევხვდით პრეზიდენტს და გავცვალეთ მოსაზრებები. არსებობს მრავალი მიმართულება, სადც ვმუშაობთ და არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ საერთაშორისო გამოძიებას არ მივაწვდით ყველანაირ ინფორმაციას. ევროკავშირში მიდის განხილვები, რა სახით უნდა ჩატარდეს ეს საერთაშორისო გამოძიება და „ქართული ოცნება“ რასაც ცდილობს, პროკურატურის ყველა მცდელობა არის ერთ მიზანზე ორიენტირებული, რომ გაანადგურონ მტკიცებულებები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.