მინდა, მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა – რა არის სიცრუე, მამუკა, ის, რომ “რუსული კანონის” მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ? თუ ის არის სიცრუე, რომ თქვენი მაფიოზური კლანების მიერ გაზრდილი ფასების გამო, ადამიანებს მაღაზიაში შესვლა ეშინიათ?, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს უამრავი მოქალაქე საზღვარგარეთ წავიდა.
“მინდა, მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა – რა არის სიცრუე, მამუკა, ის, რომ “რუსული კანონის” მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ? თუ ის არის სიცრუე, რომ თქვენი მაფიოზური კლანების მიერ გაზრდილი ფასების გამო, ადამიანებს მაღაზიაში შესვლა ეშინიათ? თუ ის არის სიცრუე, რომ ჩვენმა მილიონზე მეტმა თანამემამულემ თქვენი მმართველობის დროს უკიდურესი გაჭირვების დროს, ქვეყანა დატოვა? თუ ის, რომ ადამიანი სამუშაო ადგილს ვერ პოულობს ამ ქვეყანაში? თუ ის არის სიცრუე, რომ 20 ათასით შემცირდა შობადობა ქვეყანაში? – გაეცით ამ კითხვებს პასუხი. ბანერზე რომ აღშფოთდით იმიტომ, რომ სიმართლე გითხარით, გაეცით ამ კითხვებს პასუხი, რატომ ხდება ეს ყველაფერი.
ახლა რელიგია რომ გინდათ გამოიყენოთ საარჩევნო თვალსაზრისით. მაღალმა სასულიერო იერარქებმა ამაში რომ გამხილეს, მათ რომ თავს ესხმით – ამას გაეცით პასუხი.
საქართველოს, რეალურად 2 არჩევანი აქვს – ერთი არის კეთილდღეობა ევროპაში, მეორე არის სიღატაკე იზოლაციაში. თქვენი გზა არის სიღატაკე იზოლაციაში.
პასუხი გაეცით კითხვებს, რომელსაც საზოგადოება გისვამთ. გადით ხალხში და ნახეთ, როგორი გაჭირვება და მძიმე მდგომარეობაა.
არ გამოგივათ ასე. ველოდები შენგან პასუხს, რატომ არის ამდენი პრობლემა ქვეყანაში. შეეშვით ამ სისულელეებს. სიმართლის რომ გეშინია, ეს აბსოლუტურად გასაგებია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.