ეს არის პროევროპული პროცესი, რომელშიც ყველანი ვერთიანდებით, რა ფორმას მიიღებს, ამას დრო გვიჩვენებს, – ამის შესახებ Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოთხი პოლიტიკური პარტიის – „სტრატეგია აღმაშენებლის“, “გირჩი- მეტი თავისუფლების“, “ლელო საქართველოსთვის“ და “დროას“ შესაძლო გაერთიანების შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიაში, ჩანს, რომ ამ საკითხზე ნერვიულობენ, რისი მიზეზიც ნამდვილად აქვთ.
“პრორუსი პოლიტიკური ძალა ძალიან ნერვიულობს პროდასავლური ადამიანების კონსოლიდაციაზე. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, შემდგომ სრულფასოვანი წევრობა. ამისთვის ყველანი საერთო პროცესში უნდა ჩავერთოთ, ჩვენ ამ პროცესზე ვსაუბრობთ. ჩვენი მხრიდან დაინახავთ ყოველდღიურ კონკრეტულ ნაბიჯებს.
ამის “ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია, იმიტომ რომ ჩვენ პროდასავლურები ვართ სამჯერ მეტი, აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყნის, ვიდრე პრორუსი ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ეს გაერთიანება არ იქნება არც კოალიცია და არც მხოლოდ პარტიების გაერთიანება, თუმცა რა ფორმას მიიღებს, ამას დრო აჩვენებს. “ეს პროცესი არის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, რა ფორმას მიიღებს, ამას დრო გვიჩვენებს. ვიცი, რომ მიჩვეულია საზოგადოება, რომ ჯერ ფორმაზეა ლაპარაკი, შემდეგ შინაარსზე. ჩვენ ჯერ შინაარსზე ვსაუბრობთ და მერე ფორმებს საკუთარ გონებაში ყველა გამოვკვეთთ. ყველასთვის ღია არის კარი ამ პროცესში, ჩვენ მკაფიო ნაბიჯები გვაქვს, რა უნდა გადავდგათ ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.