საბოლოოდ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია “ვისოლი” “ოცნების” დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძე “ოცნებას” და ივანიშვილს მიმართავს, ტყუილად ნუ ცდილობენ ასეთი ხრიკებით მოქმედებას, რადგან მათი საბოლოო განაჩენი მაინც დამარცხებაა.
“დღეს საბოლოოდ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია “ვისოლი” “ოცნების” დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის. ბილბორდების შინაარსი არის, რომ ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს, იმისათვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და მოვიშოროთ ოცნება და ივანიშვილი.
მივმართავ “ოცნების” წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს – რისი გეშინიათ?! რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს?! მივმართავ კომპანია “ვისოლს” – გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული, არის თუ არა თანხა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და რა უფლებით არ აკრავთ ამ ბილბორდებს საქართველოში?! ხელისუფლებიდან წასვლისთვის, ბილბორდების არგაკვრა ვერ გიშველით. ეს ხრიკები “ოცნებას” ვერცერთ შემთხვევაში ვერ უშველის.
მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს – თქვენ მარცხდებით და ახლა ცდილობთ, ასეთი გზით, ასეთი ხრიკებით, რამენაირად გამოასწოროთ მდგომარეობა?! თქვენ რა უბედურება გამოაკარით ამ ბილბორდებზე, მთელი მსოფლიო აღშფოთებულია. ჩვენ კი ვამბობთ იმას, რაც სიმართლეა.
დიახ, იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და “ოცნება”. ამიტომ, ნუ გეშინიათ, მოემზადეთ დამარცხებისთვის, ეს ხრიკები თქვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გიშველით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.