სულ რომ დაგვიჭრონ ნახევარი ოპოზიცია ან მთლიანადაც, მე რომ ჩამსვან ციხეში, არავის ვაძლევ უფლებას, ჩემი ციხიდან გამოშვების გამო “ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში შევიდეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან სერიოზული პროტესტის კერა უნდა იყოს გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც.
“ყველას მინდა ვთხოვო, რომ ორშაბათს გაეთავისუფლეთ სამსახურიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვისაც შეგიძლიათ, აიღეთ ერთდღიანი შვებულება და ეს ერთი დღე დავუთმოთ ჩვენ სამშობლოს. კვირას და ორშაბათს არ ვგეგმავთ, რომ მხოლოდ თბილისი იყოს პროტესტის კერა. ძალიან სერიოზული პროტესტის კერა გვინდა იყოს გორში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმშიც. ბათუმში ხვალაც არის მსვლელობა 15:00 საათზე. ვართ მაქსიმალურად მობილიზებულები კოორდინაციაში, გაცილებით სხვანაირი მობილიზება გვექნება გორსა და ზუგდიდში. ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, ორგანიზებას ვაკეთებთ და ყველა ნაბიჯს, რომელსაც ვდგამთ იმ კონკრეტულ დღეს, ამ ყველაფერზე ნამსჯელი გვაქვს. ეს არჩევნები არის გაყალბებული, საკონსტიტუციო სარჩელის გამო უნდა შეჩერებულიყო ეს 25 რიცხვის სხდომა, პრეზიდენტი არ ნიშნავს ამ სხდომას და მაინც ატარებენ, თუმცა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაციები საერთაშორისო ასპარეზზეც და არავინ აღიარებს ამ ყოველივეს.
სულ რომ ყველა შევიდეს ამ პარლამენტში, მე მანდატს ვტოვებ და ამ განცხადებას ვაკეთებ, რამდენჯერაც მომიწევს ამ განცხადების დაწერა, იმდენჯერ დავწერ და რამდენ დღესაც დამიგვიანებს “ქართული ოცნება“ იმდენჯერ წამოვაძახებ მას, რომ იგვიანებ და დროზე შეწყვიტე ჩემი მანდატი, ეს არის ჩემი პოზიცია. საზოგადოებას მინდა ვთხოვო, ამ პროცესში გამოგვყევით, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამჯერად გავიმარჯვებთ. ოღონდ აქ მნიშვნელობა აქვს თავდადებას, პრინციპულობას, თანმიმდევრულობას.
რაც შეეხება ოპოზიციას, მანდატებზე მინდა ვთქვა, თან ვთმობ და თან არ ვთმობ, ეს არ მოსულა. თუ ამბობ, რომ არალეგიტიმურია, რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა, შენ რუსულ სპეცოპერაციასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტო საბოლოოდ. 2020 წელს სულ სხვა გარემოება იყო, იყო მოლაპარაკებები, შეთანხმება. ახლა თუ რაიმეზე საუბარი შეიძლება იყოს, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა. სულ რომ დაგვიჭრონ ნახევარი ოპოზიცია ან მთლიანადაც, მე რომ ჩამსვან ციხეში, არავის ვაძლევ უფლებას, ჩემი ციხიდან გამოშვების გამო “ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში შევიდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.