ეს პროცესი გრძელდება, ახლა ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება უკვე სარჩელის განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებოდით, არ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რომელსაც მე პირადად ველოდებოდი. მე მგონი, ყველამ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უმრავლესობა თანახმაა იმაზე, რომ ეს არის პუტინის პირადი პატიმარი, გარდა ამისა, ყველამ ასევე იცის, რომ ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი. ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, ეს არაერთმა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი დონის, სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ ის ადამიანები, ვინც მოდიოდა და სინჯავდა მას.
სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ჩამოსულიყვნენ და ენახათ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან ისინი ასევე დაადასტურებდნენ ამას. მათი შემოსვლა რომ არ მოხერხდა, ეს რაღაცნაირი მინიშნება იყო ჩემთვის იმის, რომ პირველი ეტაპის პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფითი. ეს პროცესი გრძელდება, ახლა ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება უკვე სარჩელის განხილვა.
მე იმედი მაქვს, რომ იქნება ბოლოს და ბოლოს მიღებული ის გადაწყვეტილება, რასაც მარტო ჩვენ კი არა, იცით, ელოდება ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ქვეყანა. ერთი ელოდება საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველანაირმა გამოკითხვა აჩვენა, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი, გადაარჩინონ მისი სიცოცხლე, ძალიან ბევრს უნდა საქართველოში, ეს უნდათ ნორვეგიაში, პოლონეთში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ის დააჯილდოვეს. ეს უნდათ ევროპარლამენტარებს, ევროსაბჭოს, ლიტვის სეიმს, უკრაინის სეიმს, პოლონეთის სეიმს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაშვებული სამკურნალოდ.
მიხეილ სააკაშვილი შეთითხნილი საქმეებისთვის ზის, კაცმა არ იცის რისთვის ზის, ზის ფაქტობრივად იმისთვის, რომ არ გადასცა თავისი ქვეყანა პუტინს, აი, ეს არის მისი დანაშაული. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალი გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.