“მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაგირება მას არ მოჰყოლია” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ექიმებმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს.
გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, უკრაინამ საქართველოს არაერთხელ მიმართა თხოვნით, რათა უკრაინაში დაებრუნებინა, რადგან დღეს ის, მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა.
“მე პირადად, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ვიყავი პოლონეთში ჩასული, მივმართე უკრაინას. უკრაინამ, გამოგზავნა აქ ოფიციალური თხოვნა, რომ დაგვიბრუნეს ჩვენი მოქალაქე, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად განდევნეს აქედან. ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა და და იძულებული გახდა, გამხდარიყო უკრაინის მოქალაქე. დღეს ის უკრაინის მოქალაქეა მხოლოდ. უკრაინა ითხოვს, დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, არ ვიცი ახლა ამას რა მოჰყვება, დიდი დრო არ არის გასული ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნიდან, მაგრამ არაოფიციალური მიმართვა იყო არაერთხელ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაგირება მას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან. ასე გრძელდება ყოველ დღე”, – აცხადებს გიული ალასანია.