საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ვიდეოკადრების გავრცელება, არის მთავრიდან მეორეხარისხოვაზე ყურადღების გადატანის მცდელობა.
“სრულ უზნეობად მიმაჩნია რაც მოხდა. ვისაც არ უნდა ეხებოდეს, მით უმეტეს პრეზიდენტის შემთხვევაში საერთოდ წარმოუდგენელია, არც ერთ ცივილურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა. ამავე დროს ეს არის მთავრიდან მეორეხარისხოვანზე ყურადღების გადატანის მცდელობა. ჩემთვის მაგალითად, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილი მის ჯანმრთელობას აქვს, ყველაფერი დანარჩენი მეათეხარისხოვანია. სხვათაშორის, რაც დეკემბრის არის, ისიც არ ასახავს რეალურ სურათს, რადგან როგორც წესი, მე არც ერთხელ არ მინახავს ფეხზე დამდგარი, თუნდაც იმ დამხმარე საშუალებით, სულ წევს. კადრების გასაჯაროების თაობაზე ალბათ, შეთანხმება უნდა ყოფილიყო, თუნდაც პატიმართან.
მე ერთი რამ ვიცი, ჩემი შვილი დღეს მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას, დეტოქსიკაციას, ადამიანი მოწამლულია, ყოველ წუთში შეიძლება, დასჭირდეს ინტუბირება და დასრულდეს მისი სიცოცხლე. საერთოდ, როდემდე ვითამაშოთ და ვდგათ ეს სპექტაკლები, ხან კადრები იქნება, ვიღაცამ რაღაც თქვა და რა“, – განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დავით კირკიტაძის, ანა წითლიძის და აბდულა ისმაილოვის მიერ პარლამენტში შიმშილობის დაწყებას, გიული ალასანიამ მათ მადლობა გადაუხადა.
“ძალიან დიდი მადლობა მათ. ყველა პიროვნება ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას, არ მგონია, რომ მაინც და მაინც ჩემს შვილთან უნდა იყოს შეთანხმებული. ყველა შემთხვევაში ეს თავგანწირვაა და მადლობელი ვარ“, – აღნიშნა ალასანიამ.