ვითხოვ, დაუყოვნებლივ მის გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში, იქნებ არის კიდევ შანსი, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ რუსთავის ციხესთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან ნიკა მელიასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ზოგს უკვდავი ჰგონია და ვერ წარმოუდგენია, რომ მას რაიმე ემუქრება, თუმცა სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.
“ჩვენ ვართ თანამოაზრეები, ბატონმა ნიკამ წარმოადგინა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით დღეს. 7 თვე იწურება, რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა, მოვიარეთ ყველა ციხე და დღეს ეს ადამიანი, უბრალოდ, გვეცლება ხელიდან. რატომ? იმიტომ რომ 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა და ბევრი სხვა წარმატების გამო, რომლის მოწმე ჩვენ ვიყავით.
ვითხოვ, დაუყოვნებლივ მის გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში, იქნებ არის კიდევ შანსი, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.
დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს, ეს უნდა გაიგოს ყველამ. ძალიან მიკვირს ზოგიერთი ადამიანის გულუბრყვილობა, იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულმოქმედი ჰგონიათ ეს ადამიანი. ჰგონიათ, რომ უკვდავია და არაფერი მას არ შეეხება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. მე თვითონ ვარ მოწმე, სასამართლო პროცესიდან ძლივს გაიყვანეს. ოქტომბერში როცა ჩამოვიდა, ყველამ ნახა როგორ გამოიყურებოდა და დღეს როგორ გამოიყურება. ჩვენს თვალწინ ხდება მისი გაქრობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.