გონჩარენკომ, მე ვურჩევდი, რომ თავის ოჯახის წევრებს მიხედოს, რომლებიც კორუფციის საკითხებში არიან მხილებული და ამაზე საჯაროდ გახდა ცნობილი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს ეს არის სრული აბსურდი, მორიგი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი რამენაირად ამ პროცესებს დაუკავშირონ, მაშინ, როდესაც ეს ადამიანი არც პოლიტიკაში მონაწილეობს და მითუმეტეს ამ პროცესებისგან სრულიად გამიჯნულია. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, მიზანმიმართული ქმედება, რომელიც არ გვიკვირს ისეთი ოდიოზური ფიგურისგან, როგორიც ბატონი გონჩარენკო ბრძანდება”, – განაცხადა მიქანაძემ.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, მან მიმართა უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციათა სიაში მოხვდეს.
“მე მივმართე უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციათა სიაში მოხვდეს, რადგან ივანიშვილი რუსეთის აგენტია, რომელსაც რუსეთის ბრძანებით საქართველოში ძალაუფლება აქვს ხელში აღებული. მან საქართველოს მთავრობა იყიდა, მას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს საქართველო რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ და გადაჰყავს საქართველო რუსულ ორბიტაზე. ამას ყოველ დღე სხვადასხვა ქმედებებით ავლენს. ეს უქმნის საფრთხეს როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ცივილიზებულ სამყაროში”, – აცხადებს გონჩარენკო.