პრეზიდენტმა თავის თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო, მისთვის მთავარია, რა დავალებას მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა?! ერთი წელია, ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს.
გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა მიქანაძემ.
რაც შეეხება გვარამიას გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა დაწვეს, მიქანაძემ განაცხადა, რომ “ეს იყო საზოგადოების რეაქცია”.
“არავის არავინ მიუგზავნია, ამის არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ. ეს არის საზოგადოების რეაქცია და არ გამიკვირდება თუ უფრო მწვავე იქნება საზოგადოების რეაქცია”, – აღნიშნა მიქანაძემ.