spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გივი მიქანაძე – რეზოლუციაში ჩაწერილი აბსურდი არ ასახავს რეალობას

რეზოლუციაში ჩაწერილი აბსურდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ ასახავს რეალობას. ყველამ იცის, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც დააინიცირეს, რომ მიხეილ სააკაშვილს არაერთ საქმეზე გამოტანილი აქვს სამართლიანი განაჩენი და მშვენივრად იციან ისიც, რომ ევროსაბჭოს სტრუქტურულ ერთეულს – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, სადაც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებებია მხილებული, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიღებაშიც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

“დებატებზე გამოვედი სიტყვით, სადაც დავაფიქსირე ჩვენი ქვეყნის ურყევი პოზიცია, რომ ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინას ვუჭერთ, ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს, რომ საქართველო ვერასოდეს იქნება გამოყენებული რომელიმე სანქციისთვის გვერდის ასარიდებლად, რომ რუსული აგრესია ყველაზე მეტად ჩვენთვის რის ცნობილი, იმიტომ, რომ 2008 წელს ამ აგრესიის შედეგად ძალიან დიდი ზიანი განვიცადეთ და დღემდე ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და შემდეგ განვაცხადე, რომ რეზოლუციის სულისკვეთებას მხარს ვუჭერთ, თუმცა რიგი ჩასწორებები ჩვენთვის მიუღებელია და მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი ჩასწორება.

 

ამით განაცხადი გავაკეთეთ იმის თაობაზე, რომ ის რეზოლუცია ჩვენთვის შინაარსობრივად მისაღები იყო, გარდა იმ კონკრეტული პუნქტისა. ამის შემდეგ იყო კენჭისყრის საკითხი, როდესაც სხდომის თავმჯდომარემ დასვა საკითხი – ვინმე ხომ არ იყო წარმოდგენილი რეზოლუციისა და მასში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგი. სწორედ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ხელი ავწიე და ოფიციალურად დავაყენე საკითხი, რომ მეოთხე ცვლილება არის კონტექსტუალურად და კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის და ვითხოვთ ამის დეტალურად განხილვას. ეს საკითხი მხარდაჭერილი იყო ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. მინდა გითხრათ, რომ 650-კაციან საპარლამენტო ასამბლეაში იმ მომენტისთვის 100 დეპუტატიც არ იმყოფებოდა, რომელთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომდგენლები, უკრაინელი დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძე იყო.

 

პროცედურულად, პირველად კენჭი ეყრება იმ ცვლილებას, რომელიც პირველად იყო დაინიცირებული. თუკი ის ვერ გავიდოდა, ამ შემთხვევაში უკვე კენჭი ეყრებოდა იმ ვერსიას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებდით. იქიდან გამომდინარე, რომ იქ მყოფმა 55-მა კაცმა დაუჭირა მხარი, ეს ცვლილება გავიდა. შესაბამისად, ჩვენ მიერ ინიცირებული საკითხი უკვე განხილვას აღარ დაექვემდებარა“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

მისივე თქმით, არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, რადგან ამისთვის საჭირო იქნებოდა, რომ მათ ხმა დოკუმენტის წინააღმდეგ მიეცათ, მათ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა-მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები