„საქართველო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ყველაზე უკეთ გრძნობს რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას, რაც ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებასა და კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა იმ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს.
„უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველივე დღიდან საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, რაც გამოხატულია როგორც პოლიტიკურ, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებაში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელ აგრესიას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიის მცდელობებზე. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპელ კოლეგებს უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უზრუნველსაყოფად მტკიცე მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„საქართველომ, როგორც უკრაინის მეგობარმა, 2008 წელს განიცადა რუსეთის უკანონო სამხედრო აგრესია. საქართველო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და უკანონოდ განლაგებულია რუსული სამხედრო ძალები, ყველაზე უკეთ გრძნობს რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას, რაც ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებასა და კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ამის გათვალისწინებით, მე მოვუწოდებ ასამბლეას, კვლავ გამოხატოს ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე, ჩვენც გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.