მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არ მიიწვია. მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის “არანეიტრალურობა” დაასახელა.
მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.
მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი “ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის” ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ის ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია.
“დღეს დილით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ პროცესში მონაწილეობისთვის წარმოადგინა ორი ორგანიზაციის დასახელება. ერთი ეს არის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და მეორე – „სამართლიანი არჩევნები“. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართულობა ჩვენთვის არგუმენტირებულად მიუღებელია, მათი მხრიდან მოხდა ამ ორგანიზაციის მაინც წარმოდგენა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მხოლოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოვიწვიეთ ამ სხდომაზე. ამას აქვს თავისი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს.
“სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე ბოლო შეკრების დროს ისინი ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში მონაწილეობას. შესაბამისად, მათ ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია და სწორედ, ამ მიზეზის გამო არ მოხდა მათი მოწვევა სამუშაო ჯგუფში. აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ როტაციის პრინციპით სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი სამუშაო ჯგუფის კარი ღიაა ნებისმიერ ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და ვთვლით, რომ მათი მონაწილეობა ძალიან ღირებულია ამ პროცესისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.
შეხვედრა საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.