spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გივი მიქანაძე – “სამართლიანი არჩევნები“ მთელი რესურსით მობილიზებულია, რომ მმართველი გუნდის დისკრედიტაცია მოახდინოს

“ქართული ოცნება“ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს ეხმაურება.

როგორც “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ანგარიში სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა.

“დღევანდელი ბრიფინგით გვსურს გამოვეხმაუროთ სრულიად აბსურდულ და უსაფუძვლო შეფასებებს, რაც ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” გუშინ საზოგადოებას წარუდგინა თავის არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია ქვეყანაში ძლიერი პოლარიზაციის პირობებზე. ეს დასკვნა განსაკუთრებით გასაოცარია, იმ ფონზე, როცა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს საპარლამენტო არჩევნები არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის. ამგვარი ცრუ კამპანიის მიზანი სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების პოლარიზება. თუმცა, “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაციების ამ კამპანიაზე არაფერია ნახსენები.

“სამართლიანი არჩევნები” შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით აზიანებს საარჩევნო პროცესს. ანგარიშის ავტორებს უნდა შევახსენოთ, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში გათვალისწინებულია პარტიების აკრძალვა მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამის დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ვციტირებ, „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“ ამასთანავე, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, თუკი ისინი იყენებენ ძალადობრივ ქმედებებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და/ან ძირს უთხრიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. დღეისათვის ევროპის საბჭოს 20 სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის 150-მდე შემთხვევა ფიქსირდება.

ანგარიშში ნახსენებია, თითქოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა ცალკეული ძალადობის შემცველი ქმედებების გამოსაძიებლად, რაც სიცრუეა. როგორც უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე საჯარო გამოსვლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა, რომ ანგარიშში მოტანილ ყველა შემთხვევაზე სათანადო რეაგირება მოხდა, დაწყებულია გამოძიება, პირთა ნაწილს უკვე მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.

“სამართლიანი არჩევნები“ აკრიტიკებს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებს, ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის შემცირებასთან დაკავშირებით. თუმცა, სამართლიანი არჩევნები არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ რამდენიმე პარტია საბოტაჟს უწევდა ცესკოს საქმიანობას, რის გამოც რისკის ქვეშ დგებოდა მთლიანად საარჩევნო პროცესის პროცედურული ჩარჩოს შექმნა. მიღებული ცვლილებით ცესკოს 17-დან 9 წევრი იღებს გადაწყვეტილებას, რითაც საბოტაჟის განმახორციელებელ ცესკოს პარტიულ წევრებს გადაწყვეტილების მიღების ხელოვნური ბარიერის შექმნის საშუალება აღარ ექნებათ.

ანგარიშში აქცენტია გამახვილებული ცესკოს დადგენილებაზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება. სამართლიანი არჩევნების მიერ გაკეთებული განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან ისინი ამაზე მიუთითებენ ახლა, მაშინ როდესაც წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მე-7 დღეს იყო გათვალისწინებული, რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართულ რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის. ამასთანავე, ცესკოს ამ დადგენილებას მხარი დაუჭირა მაღალმა ქვორუმმა (12 ხმით იქნა მიღებული, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის 4-მა წევრმა მისცა ამ დადგენილებას ხმა), რასაც ცესკოს 21 აგვისტოს ოფიციალური განცხადება ეხმიანება. ყველანაირ სერიოზულობის ზღვარს სცდება, უკვე წლების განმავლობაში გაკეთებული აბსურდული დასკვნა ყოველწლიურად აგვისტოში ბეშუმობის დროს ახლადდაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის სიმბოლურად გადაცემის ტრადიციის, როგორც საარჩევნო მოსყიდვის აღნიშვნა. ეს უბრალოდ კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად აცდენილია ადეკვატურობას ამგვარი ანგარიშები.

ტენდენციური და მიზანმიმართული დისკრედიტაციის შემცველია ანგარიშში ასახული ინფორმაცია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნით. მაჟორიტარი დეპუტატების აქტივობის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში გაყვანა, წარმოდგენილი ანგარიშის აბსურდულობის კიდევ ერთი დამადასტურებელია. ანგარიშში ნახსენებიც კი არ არის, რომ პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი, რომელთა აქტივობებზეც გაკეთებულია აქცენტი, მოქმედი პარლამენტის წევრები და კონკრეტული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარები არიან და ისინი ანგარიშში მხოლოდ დელეგატებად არიან მოხსენიებული. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ სავარაუდოდ საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო პროგრამების/ინიციატივების თაობაზე აქცენტირება მხოლოდ ერთ განცდას გვიტოვებს, რომ მათი გადმოსახედიდან ხელისუფლებამ საარჩევნო წელს არაფერი უნდა აკეთოს და ყველა მნიშვნელოვანი პროცესი გაყინოს ან მისი ინიციირება არ მოახდინოს. ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის საფუძველზე ქვეყანაში დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები გაიზარდა 500 მილიონი ლარით. დამატებითი თანხები, ისევე როგორც წინა წლებში, გადანაწილდა სხვადასხვა სექტორზე და ადგილობრივ თვითმმართველობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ მორიგი უსაფუძვლო განცხადება, ხსენებული დაფინანსების საარჩევნოდ მოტივირებულ პროგრამად გასაღების მიზნით, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ორგანიზაციის სუბიექტურობასა და მის რეალურ მიზნებს. საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო ინიციატივების ჭრილში მოხსენიება სხვა არაფერია, თუ არა ამ მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წელს, გაზაფხულზე დაინიცირდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები ოფიციალური სტაჟირების გაჩენასთან, ხოლო 2023 წელს სტაჟიორებისთვის ანაზღაურების მიცემასთან დაკავშირებით, რაც წარმატებით განხორციელდა. კანონმდებლობის ამ ნაწილში დახვეწისა და სრულყოფის მიზნით 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზეც იქნა დამატებითი ცვლილებები შეტანილი. შესაბამისად, კონკურსი სტაჟიორების მისაღებად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა სრულყოფილ იქნა. ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ ამ კეთილშობილური პროცესის დაჩრდილვისა და წინასაარჩევნო სტრატეგიად გასაღების მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი ხრიკია. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, პარლამენტში დაწესებულია შესაბამისი რეგულაციები მედიის წარმომადგენლებისთვის. სამართლიანი არჩევნების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების სადამსჯელო მექანიზმად წარმოჩენა სრული აბსურდია, რადგან ის არ ზღუდავს ჟურნალისტების საქმიანობას, ადგენს წესრიგს და სხვა ქვეყნებში მოქმედ მსგავს რეგულაციებთან შედარებით არის ბევრად ლიბერალური. იმ ფონზე, როცა სამართლიანი არჩევნები არარსებულ დარღვევებს ასახავს ანგარიშში, ის თვალს ხუჭავს და სრულად აიგნორებს იმ დარღვევებს, რომლებშიც თავად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული. კერძოდ, ანგარიშში არაფერია ნათქვამი:

1. საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში NDI-ის მიერ ზაფხულის პერიოდში ოპოზიციური სპექტრისთვის დაორგანიზებული წინასაარჩევნო შეხვედრების თაობაზე; 2. ე.წ. „დემოკრატიული ფესტივალის“ ღონისძიებებისა და მის ფარგლებში ოპოზიციის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ; 3. უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებისა და ამ უკანასკნელის პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოში“ გაწევრიანების თაობაზე; 4. ეკა გიგაურისა და ნინო ლომჯარიას მიერ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელ გიორგი უშიკიშვილთან ერთად ბათუმში მოსახლეობასთან ჩატარებული ერთობლივი შეხვედრებისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული საჯარო პროპაგანდის შესახებ; 5. ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკების თაობაზე; 6. სოროსის ფონდის მიერ გადაღებული და სოციალურ ქსელში გავრცელებული „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ვიდეოკლიპების შესახებ; 7. უმრავლესობის წევრი დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ საჯაროდ წარმოებული ბულინგის თაობაზე, რისი ნათელი მაგალითია, პარლამენტის წევრების მიმართ „კეფაში ტყვიით“ საჯარო მუქარა, დეპუტატების მობილური ნომრების გასაჯაროება, საჯარო სივრცეში პარლამენტარების და მათი თანმხლები ოჯახის წევრების თავდასხმა და შეურაცხყოფა. საზოგადოებისთვის, „სამართლიანი არჩევნების“, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემების გამყალბებელი და რეპუტაციაშელახული ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი მიკერძოებული მიდგომა გასაკვირი არ არის. ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია დიდი ხანია გასცდა ნეიტრალურობას, განსაკუთრებით 2022 წლის ზაფხულში, როდესაც სხვებთან ერთად გამართულ მიტინგზე შეუერთდა ხელისუფლების გადადგომის, ტექნიკური მთავრობის დანიშვნის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. 4 სექტემბერს წარმოდგენილი ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ სამართლიანი არჩევნები მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია საზოგადოებაში მოახდინოს მმართველი გუნდის დისკრედიტაცია. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ორგანიზაციის ასეთ მიდგომას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და გაითვალისწინონ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩამოყალიბდა მხარედ და არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია”, – განაცხადა მიქანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები