ძალიან გულთბილი შეხვედრა შედგა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. საქართველოს პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი კიდევ მომავალში, იმ რეფორმების წარმატებაზე, რომლებმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს.
“უშუალო, გულწრფელი შეხვედრა გაიმართა, ფორმატი იყო პირისპირ შეხვედრა სახელმწიფო ლიდერებისა. რასაკვირველია, პრემიერმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა გუშინდელი დღის შედეგი – რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ასევე ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი კიდევ მომავალში, იმ რეფორმების წარმატებაზე, რომლებმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს და ისაუბრეს ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ რეგიონალურ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია ამჟამად და იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც შეუძლია საქართველოს ითამაშოს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.