spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გოჩა თუთბერიძე – არავინ იცის როგორი გაგრძელება ექნება ამ ტარიფებით მუქარას, ამიტომ არის, რომ ბაზარზე სერიოზული ნერვიულობა და გაურკვევლობაა

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი და მისი გუნდი მოვიდნენ, მისმა განცხადებებმა საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტრენდი გამოიწვია, რამაც ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია შეიწირა. რატომ ეცემა საფონდო ბირჟა და არის თუ არა ამის მიზეზი აშშ პრეზიდენტის გაურკვეველი და ქაოსური პოლიტიკა მეზობლებისთვის და პარტნიორებისთვის მაღალი  ტარიფების დაწესების შესახებ? – ეკონომიკის და ფინანსების ექსპერტი, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე Front News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ტრამპის ქმედებებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ზუსტად მის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომში მდგომარეობს, რამაც გლობალური ეკონომიკურ სისტემა თავდაყირა დააყენა.

მისი თქმით, ტარიფების ამოქმედების სიახლეს ინვესტორები უკიდურესად ნეგატიურად იღებენ, რადგან ტარიფებთან მიმართებით არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ სავაჭრო ბარიერების ამოქმედება ფასების ზრდას, პროდუქციის გაძვირებას და ინფლაციის დაჩქარებას გამოიწვევს. ამიტომ ეს გაურკვევლობა გავლენას ახდენს საფონდო ბირჟაზეც.

– პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების გამო, ამერიკული საფონდო ბირჟაზე აქციები მკვეთრად ეცემა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შეფასება 11%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500-ის შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს. არის თუ არა საფონდო ბირჟაზე მიმდინარე რყევა აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული?

– რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის განცხადებები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები საფონდო ბირჟაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ეს არის გაურკვევლობა, როგორიც მეზობელი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაა. ტრამპი აცხადებს, რომ ის აპირებს ჩინეთის, ევროკავშირის, მექსიკის, კანადის წინააღმდეგ ტარიფების  დაწესებას, შემდეგ ამ განცხადებებს ცვლის, ამიტომ ინვესტორებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ორიენტაცია რაზე აიღონ არ იციან. ახლა მთელი მსოფლიო 2 აპრილს ელოდება, როცა ტრამპმა მეზობლებისა და პარტნიორების წინააღმდეგ ტარიფები უნდა აამოქმედოს. საფონდო ბაზრისთვის თავად ტარიფები არ არის იმდენად პრობლემა, როგორც ეს გაურკვევლობა. 25%-იან ტარიფებს დააწესებს თუ 50%-იან და ა.შ. ამას გარკვეულ წილად შეეგუებიან ინვესტორები და ბიზნეს სექტორი, მაგრამ გაურკვევლობა და ჩამოუყალიბებლობა მოქმედებს. ტრამპის განცხადებები პრობლემებს თავად ამერიკელ მეწარმეებს უქმნის. თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში დაზარალებული ამერიკის მოქალაქეები იქნებიან, რადგან ტარიფების ზრდა ფასების ზრდას ნიშნავს. ეს არის გადასახადი, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. მათ იმპორტული პროდუქცია გაუძვირდებათ და ასევე ადგილობრივ პროდუქციებზეც ფასები აიწევს. თუმცა აქ არის კიდევ დამატებით პრობლემები მწარმოებლებთან დაკავშირებით. რაც  მექსიკა-კანადიდან შედის ამერიკაში, ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. მაგალითად ერთი დეტალი ავიღოთ, თუნდაც ავტომობილების ასაწყობად მექსიკიდან შედის, მერე ამერიკაში ემატება სხვა დეტალები და ისევ მექსიკაში ბრუნდება, იგივე ხდება კანადასთან დაკავშირებითაც. ავტომობილი, რომელიც უამრავი დეტალისგან შედგება, წარმოიდგინეთ, ერთმა პროდუქტმა ამერიკის საზღვარი იქით-აქეთ ტარებით რამდენჯერ უნდა გადალახოს.

ამ ყოველი საზღვრის გადაკვეთის დროს, მას ტარიფი დაემატება. წარმოიდგინეთ, როგორი რთულია ამ დროს ოპერირება და ამერიკულმა მწარმოებლებმა თავის პროდუქციას ფასები როგორ უნდა დაადონ. ამიტომ მანქანამშენებლები და დიდი კომპანიები საკმაოდ უკმაყოფილოები არიან. ოღონდ ამ უკმაყოფილებას ღიად ვერ გამოხატავენ და ცდილობენ თავი შეიკავონ. ეშინიათ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამაზე ღიად საუბრის.

– თქვენ ახსენეთ ქვეყნები მექსიკა, კანადა, ჩინეთი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგაც ტრამპი ტარიფების ზრდას აანონსებს, ხოლო ზემოხსენებული სახელმწიფოები საპასუხო ტარიფებს ამზადებენ, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო სავაჭრო ომის ახალ ფაზაში გადადის და რიცხვი  სწორედ 2 აპრილი იყოს?

– დასავლურ მედიას რაც ვეცნობი, შიდა კულუარებიდან გამოდის ასეთი ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ტრამპმა რეალურად ეს ტარიფები არც დააწესოს და ეს არის გარკვეული თამაშის ნაწილი. მას ეს სჭირდება იმისთვის, რომ პარტნიორები რაღაცებზე დაიყოლიოს. მას ეს უფრო  ბერკეტად სჭირდება, ვიდრე რეალურად ამის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი. ამიტომ როგორ შეიცვლება ეს პოლიტიკა უახლოეს ხანში, ზუსტად არ ვიცით. ტრამპი ამბობს, რომ ის კანადის წინააღმდეგ დაწესებას 50%-იან ტარიფს აპირებს და არა 25%-იან, ხოლო კანადა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს და ა.შ. ძალიან რთულია ზუსტად ამაზე საუბარი. ტრამპი ამბობს, რომ ამერიკას ყველა ძარცვავს, მთელს მსოფლიოს ბრალდებებს უყენებს. როგორც ჩანს, ის ამ ფორმით აპირებს პარტნიორები ხელსაყრელ მოლაპარაკებებზე წამოიყვანოს. საბოლოოდ არავინ იცის როგორი გაგრძელება ექნება ამ ტარიფებით მუქარას. ამიტომ არის, რომ ბაზარზე სერიოზული ნერვიულობა და გაურკვევლობაა.

– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გამო ინვესტორებს თავიანთი კაპიტალის ბირჟაზე გაჩერების ეშინიათ და ურჩევნიათ, აქტივები დროებით ნაღდ ფულში ან ობლიგაციებში გადაიტანონ? რა გავლენას ახდენს ეს ამერიკის და  მსოფლიოს ეკონომიკაზე?

– ნაღდ ფულში ნაკლებად, მაგრამ ოქროში გადააქვთ, ამიტომ ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ეს ზრდა ყველგან შესამჩნევია. არ იციან ინვესტორებმა სად წაიღონ თავიანთი კაპიტალი, რა იქნება უფრო უსაფრთხო. ამიტომ გაჩნდა ტენდენცია, რომ ბევრი ოქროს ყიდულობს და ოქროში კაპიტალდაბანდებას ცდილობენ. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ალბათ, უახლოეს ერთ-ორ თვეში გამოჩნდება. საბოლოოდ ტრამპის მიერ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამის შემდეგ ბაზარი საბოლოო კორექციას მოახდენს. საფონდო ბირჟა ისევ ზრდას დაიწყებს, ოღონდ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე შოკი კიდევ იყოს და ნორმალურ ტრენდში გადასვლა მერე დაიწყოს.

– ტრამპის განცხადებები იძლევა იმის საფრთხეს, რომ შესაძლოა, მსოფლიოში გეოპოლიტიკური დაპირისპირების რისკები გაიზარდოს  და არ არის გამორიცხული, რომ ამერიკა და ჩინეთი სავაჭრო ომის ახალ ფაზაში გადავიდნენ, რაც სანქციების და ტარიფების გამკაცრებას მოიაზრებს, თავად ეს მოცემულობა იქნება ორივე ქვეყნისთვის ძალიან ნეგატიური.  ინვესტორების გადაწყვეტილებებზე  ეს საფრთხე დამატებით შიშს ხომ არ აჩენს?

– რა თქმა უნდა, ასეთი სავაჭრო ომი ორივე ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დარტყმის მომტანი იქნება. მართალია ამერიკას უარყოფითი სარგო აქვს ჩინეთთან ვაჭრობის კუთხით, მაგრამ ჩინეთს ამერიკიდან კი არ გამოაქვს დოლარები, ის ამერიკის ფასიან ქაღალდებს ყიდულობს. ეს კი ამერიკისთვის ძალიან მოგებიანია. ის, რასაც ჩინელები ყიდულობენ, ფაქტობრივად ისევ ამერიკაში რჩება. ჩინელები კი ყიდულობენ ფასიან ქაღალდებს, მაგრამ კაპიტალი ისევ ამერიკაში ჩერდება. რა თქმა უნდა, ამით ამერიკის ვალი ჩინეთის მიმართ იზრდება, მაგრამ ჩინეთსაც არ აწყობს ეს ფული, რადგან არ იცის სად წაიღოს და რა გააკეთოს.

ჩინეთში ამწუთას არის ასეთი სიტუაცია, რომ სახლები არ იყიდება, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უძრავი ქონების ბაზარი. ბევრია აშენებული და იმაზე მეტია, ვიდრე ბაზარზე მოთხოვნაა. ამიტომ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს უზარმაზარი პრობლემები აქვთ. ხშირად მიწევს ჩინეთში მოგზაურობა და ვხედავ უზარმაზარ შენობებს, რომლებიც ცარიელია. არ არის ათვისებული და არ იციან ჩინელებმა ზოგ ცარიელ შენობაში რა განათავსონ. სად წაიღონ ეს კაპიტალი. დღეს გლობალიზაციის პირობებში, ასეთი სავაჭრო ბაზრები ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულები, ამიტომ ასეთი ომები არავის არ აწყობს.  დაპირისპირების შემთხვევაში ყველა დაზარალდება, მოგებული არავინ იქნება. ტრამპის პოლიტიკა რაზეა აგებული რეალურად არავინ იცის. არცერთი ნორმალური მრჩეველი ტრამპთან დღეს არ იძებნება, ეკონომიკის კუთხით იქნება თუ სხვა მიმართულებით. რა გეგმები აქვს კაციშვილმა არ იცის. არავის აწყობს სავაჭრო ომი, არც ჩინეთს, არც ამერიკას და არც ევროპას.

– ტრამპის ევროპის მისამართითაც იმუქრება და ტარიფების დაწესებას ევროპისთვის ხელი უკვე მოაწერა. გახსოვთ ალბათ, ავტომობილებთან დაკავშირებით თქვა, რომ მათ უკეთესი ავტომობილების გამოშვება შეუძლიათ, ვიდრე ევროპას და ევროპა მათ ძარცვავს. ეს რიტორიკა ვის უფრო აზიანებს, ევროპას, ამერიკას თუ ორივეს ერთად?

– რა თქმა უნდა, როგორც ჩინეთის შემთხვევაში, აქაც ზიანი ორმხრივი იქნება. მწარმოებლებმა იციან უკვე ვისთვის და რომელი ბაზრისთვის ამზადებენ ამა თუ იმ პროდუქტს. ეს ჯაჭვი უკვე დიდი ხანია, შექმნილია და მისი გაწყვეტა ზიანის მომტანია ორივე მხარისთვის. მაგალითად ევროპული კომპანიები ექსპორტზე არიან ორიენტირებულები, საქონელს ამერიკაში აგზავნიან და მათ იციან ამერიკული მომხმარებლის გემოვნება და ეს საქონელი ამით არის შექმნილი.

ასევე გარკვეულია როგორ ხდება მიწოდება, იქნება ეს გემებით, ტრანსპორტით თუ სხვა შესაძლებლობებით. ასევე გარკვეულია შუამავალი კომპანიები და ა.შ. გადახდის, მიწოდების, ყველანაირი  პირობები მწარმოებლისთვის გარკვეულია. ახლა კი მათ ახალი ბაზრების ათვისება მოუწევთ. თუ ამერიკა შეზღუდვებს დააწესებს, ცხადია მათი პროდუქცია იქ გაძვირდება და რეალიზაცია შემცირდება. ამიტომ იძულებულები არიან გადაინაცვლონ აზიის, ჩინეთის მისამართით. ბაზარი დიდია და რაღაცა დანაკარგების შემდეგ, ეს კომპანიები გასაღების ახალ ბაზრებს იპოვიან და ქვეყანა ამით არ დაიქცევა. თუმცა დაზარალდებიან ასევე ამერიკული კომპანიები რომლებიც იმპორტს ეწევიან.

– არის თუ არა ტრამპის პოლიტიკიდან გამომდინარე დედოლარიზაცია მოსალოდნელი? 

– ეგ ცოტა უფრო  რთული საკითხია, რადგან დოლარი საკმაოდ  მყარი ვალუტაა და ძირითადი ვაჭრობა ნავთობპროდუქტების დოლარის საშუალებით მიმდინარეობს. ამიტომ ამ კუთხით, უახლოეს ხანში მე მაინც და მაინც დიდ ცვლილებებს ვერ ვხედავთ. თუმცა ამ გაურკვევლობის ფონზე, დოლარის შესუსტება ნამდვილად ევროსთან მიმართებაში მიმდინარეობს. თუმცა ეს შესაძლოა, ამერიკას აწყობდეს კიდევაც, რადგან ასეთ შემთხვევაში ამერიკული ექსპორტი გაიაფდება. ამერიკას უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი აქვს, ცხადია ეს გარკვეული პერიოდით აწყობდეს კიდევაც, რომ დოლარი სხვა დანარჩენ ვალუტებთან მიმართებაში სუსტ პოზიციაზე იყოს. თუმცა დოლარის ირგვლივ რაიმე  სერიოზულ პრობლემებს არ ველი.

– გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა როგორ პოვებს საქართველოზე გავლენას და ლარის სტაბილურობაზე? როგორია მარაგების მდგომარეობა?

– ეს გლობალური ეკონომიკური დაპირისპირება და პრობლემები, რა თქმა უნდა, საქართველოზეც გარკვეულ ასახვას პოვებს. ჩვენც გლობალური მსოფლიოს ნაწილი ვართ. იგივე რომ ავიღოთ მეორადი ავტომობილების ბიზნესი, საქართველოს ბაზრისთვის ამერიკა ყველაზე დიდი მომწოდებელია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს. ჩვენი ექსპორტი ამერიკაში ძალიან მოკრძალებულია. ეს არის ღვინო, ფეროშენადნობები, სხვა კუთხით მაინც და მაინც დიდი პოზიციები არ გვაქვს. ამიტომ ამ ნაწილში გავლენა არ ექნება. ფეროშენადნობების ფასი პირიქით, ახლა გაიზრდება, რადგან ამერიკამ მეტალებზე მაღალი ფასი დააწესა მექსიკის წინააღმდეგ, რაც პრინციპში ფასებს გაზრდის. ამ შემთხვევაში პირიქით, დადებითად იმოქმედებს. ექსპორტის შემთხვევაში საქართველოს მეტი შემოსავალი ექნება. რაც შეეხება ღვინოს, იქ არის ევროპული ღვინო და საფრანგეთი ჩვენი ძალიან სერიოზული კონკურენტია. რაც შეეხება ლარის სტაბილურობას, არ ველი, რომ ამით რაიმე სერიოზული პრობლემები შეექმნება. ლარის სტაბილურობა ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რა სახის პოლიტიკას გაატარებს. ამიტომ არ ველი ლარის რაიმე კატასტროფულ ნიშნულამდე ჩამოსვლას.

ელზა პაპოშვილი 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები