უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკრაინელი და ქართველი ხალხის დაყოფას ცდილობს და ერთადერთი, ვინც ამით კმაყოფილია, პუტინია.
“ეს არის საქართველოს მთავრობის მცდელობა, რომ დაყონ უკრაინელი და ქართველი ხალხი. ეს არის სრული სიცრუე. არსებობს ჩემი საჯარო გამოსვლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც მე ვთხოვ კოლეგებს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს და მისცენ კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად მათი ხელისუფლების ქმედებებისა. მთელი ერი არ უნდა გახდეს ერთი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მძევალი და ეს პოზიცია უკავია უკრაინის ხელისუფლებასაც. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი.
რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები აუარესებს ურთიერთობებს, იმიტომ რომ ეს არის ტყუილი, ნათქვამი ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან და ერთადერთი ადამიანი, ვინც კმაყოფილია ასეთი განცხადებების გამო, არის პუტინი. დაყავი და იბატონე არის რუსული სტილი, ამას აკეთებს რუსეთი და ღარიბაშვილი კი მათი აგენტია”, – აცხადებს გონჩარენკო “მთავარ არხთან”.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.