კიევი: უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტის, უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩის გრიგოლ ქათამაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მომგებიანი არ იქნება.
ამის შესახებ ქათამაძემ Front News-ს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
“თითოეული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ საერთაშორისო არენაზე იმიჯის დონე აამაღლოს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინის იმიჯზე დადებითად აისახება. 10-წლიანი პერიოდის შემდეგ პოროშენკოს საქართველოში მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ, ორმხრივ ურთიერთობებში გარღვევის დაწყებაზე საუბარს ვისურვებდი, იმის შესახებ, რას ვაკეთებთ, რათა ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობა გავზარდოთ, როგორ დავამყაროთ გაცილებით მჭიდრო ურთიერთობები მეწარმეებს შორის. ჩვენ კი მოქალაქეობის შესახებ ვსაუბრობთ”, – განაცხადა ქათამაძემ.
მისივე თქმით, პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის იმპულსი უნდა იყოს.
ამასთან, ქათამაძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩის გელა დუმბაძის მხრიდან აქტიურ მუშაობას ელის.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატოს მიხეილ სააკაშვილს მის მიერვე 2015 წლის მაისში მინიჭებული უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის იბრძოლებს და დაბრუნდება.