ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას, – ამ განცხადებით ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 171 თანამშრომელი გენერალურ პროკურორს მიმართავს.
განცხადების ხელმომწერები პროკურორს სთხოვენ, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.
“ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.
განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 171 ხელმოწერა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.