ივანიშვილს მართლა ჰგონია, რომ 60% უჭერს მხარს და ნერვიულობს, ეჩხუბება თავისიანებს, რატომ 60% და მეტი არაო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
“რატომ არ ვუშვებთ იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილი გონება შერყეული და არაადეკვატურია უკვე?! გადახრები აქვს. მას მართლა ჰგონია, რომ 60% უჭერს მხარს და ნერვიულობს, ეჩხუბება თავისიანებს, რატომ 60% და მეტი არა. ეს ხალხი, გვერდით რომ ჰყავს შემოკრებილი, შარში ხომ არ გაეხვევიან და ეუბნებიან – რომ იმპერატორია, გენიოსია და დავით აღმაშენებელი მასთან ვინ არის.
მე უშუალო ურთიერთობა როცა მქონდა ამ კაცთან, ვამჩნევდი, როცა ეუბნები, რომ რაღაც პრობლემაა, არ მოსწონს.
დავუშვათ თეორიაში, რომ გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ” და დაიწყეს გამოძიება 2008 წლის, სადაც შედეგს წინასწარ გვიანონსებენ, რომ საქართველოს ბრალია ეს ომი. თუ ეს ასეა, ე.ი. რუსეთი ყოფილა ცამდე მართალი და სწორი გააკეთა რუსეთმა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი აღიარა დამოუკიდებლად. აი, ასეთი მოღალატეა ეს კაცი, ძვირფასო მეგობრებო”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.