“ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას ტანდემი, მათი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატს კახი კალაძეს კონკურენციას ვერ გაუწევს.
“არჩევანი ძალიან მარტივია, ერთ მხარეს არის კახი კალაძე, რომელსაც აქვს ძალიან წარმატებული 4-წლიანი, როგორც მერი-მეურვის მოღვაწეობა და მეორე მხარეს არის მელია-ხოშტარიას ტანდემი, რომლის წარსულიც არის მხოლოდ დაპირება არშესრულებით, მათ შორის უახლოესი თვეების განმავლობაში.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის ეს კანდიდატები ნამდვილად ვერ გაუწევენ სერიოზულ კონკურენციას კახი კალაძეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი – ელენე ხოშტარია იბრძოლებს.