დილით რომ შერიგებაზე საუბრობენ, საღამოს აქციებს აანონსებენ, ამიტომ არის არასერიოზული მათი განცხადებები – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიერ “ცხელი პოლიტიკური ზამთრის” დაანონსების შესახებ Front News-ს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ცხადყოფს, რომ მათი გეგმები რეალურად შერიგებისკენ არ არის მიმართული.
“სამწუხაროდ, ეს ერთი დეპუტატი არ არის, რომელიც დილით ერთს ამბობს, საღამოს მეორეს აკეთებს. ამითაც ჩანს, რომ მათი განცხადებები შერიგებაზე არ არის რეალური. ერთი მხრივ, არ აღირებენ პარლამენტს და მის ლეგიტიმურობას, მოუწოდებენ ხელისუფლების დამხობისაკენ, მეორეც, ჩვენ არავის გავბუტვივართ, ისინი არიან გაბუტულები, შერიგება თუ უნდათ, მოვიდნენ პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა, ჩვენ ხო არ წავალთ ქუჩაში შერიგებისთვის? დაიწყონ პარლამენტში მუშაობა და დაიჯერებს საზოგადოება, რომ რეალურად სურთ შერიგება, რაც გამორიცხულია, მათივე ქმედებებიდან გამომდინარე.
ერთი რომ ამბობს, შევრიგდეთო, მეორე აქციებს აანონსებს, მესამე ძალადობისკენ მოუწოდებს, სიძულვილის ენით მიმართავს საზოგადოებას, პოლიციელებზე ძალადობენ, არის ურთიერგამომრიცხავი პოზიციები, თვითონაც არ ჯერათ მაგ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, რასაც საუბრობენ”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ქართულ ოცნებას ცხელი პოლიტიკური ზამთარი დაუანაონსა იმ შემთხვევისათვის, თუ ხელისუფლება შერიგების გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მიხეილ სააკაშვილს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს.