ისრაელის ულტრამემარჯვენე პარტიამ Otzma Yehudit “ჰამასთან” შეთანხმების პროტესტის ნიშნად კოალიცია დატოვა. სამი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.
თანამდებობები დატოვეს – ეროვნული უშიშროების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა, მემკვიდრეობის მინისტრმა ამიხაი ელიაჰუმ და ნეგევის, გალილეის და ეროვნული მდგრადობის საკითხთა მინისტრმა იცხაკ ვასერლაუფმა.
პარტიის ლიდერმა, ეროვნული უშიშროების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა “ჰამასთან” არის “ტერორიზმის სრული გამარჯვება”. ნეთანიაჰუსადმი მიწერილ წერილში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “არ აპირებენ ხელისუფლების დამხობას, მაგრამ იდეოლოგიურ საკითხებზე კენჭს მისცემს თავიანთი მსოფლმხედველობის შესაბამისად“.
“ჩვენ არ დავბრუნდებით სამთავრობო მაგიდასთან “ჰამასზე” სრული გამარჯვებისა და ომის მიზნების სრული რეალიზაციის გარეშე“, – აღნიშნა ბენ-გვირმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის განმავლობაში, რომელიც ექვსი კვირა გაგრძელდება, „ჰამასის“ და მისი მოკავშირეების მიერ დაკავებული 33 ისრაელელი მძევალი უნდა გათავისუფლდეს. უცნობია, ყველა მათგანი ცოცხალია თუ არა.
“ჰამასსა“ და მის მოკავშირეებს 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს აყვანილი 251 ადამიანიდან 94 ამ დრომდე ტყვედ ჰყავთ. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, მათგან, სულ მცირე, 34 გარდაცვლილია. 150-ზე მეტი მძევალი უკვე დაბრუნებულია. პარალელურად, თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო აქციებიც გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ ომის დასრულებასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის გადადგომას.