ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს, – ამის შესახებ ამერიკის არმიის თადარიგის პოლკოვნიკმა ბობ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ეს პროცესი დასრულდება, საქართველო დასავლური მთავრობებისთვის პრიორიტეტების სიაში ძალიან დაბლა ჩავა.
“ივანიშვილის სანქცირება, ვფიქრობ, ნამდვილად მისასალმებელი და საჭირო იყო. სანქციების დაწესება იმის თქმას ნიშნავდა, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ, როგორც ავტორიტარულს, არამედ როგორც პრორუსულს.
საქართველო დასავლური მთავრობებისგან უფრო ნაკლებ ყურადღებას მიიღებს და უფრო ნაკლებად პრიორიტეტული გახდება. საქართველოს მნიშვნელობა დასავლეთისთვის ორ ფაქტორს ეფუძნებოდა – იდეა, რომ საქართველო აშენებდა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ მმართველობას იმ სამეზობლოში, სადაც ეს ყველაფერი ძალიან იშვიათია და მას შეეძლო ამ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი ყოფილიყო.
მას ხედავდნენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დემოკრატიზაციას, ლიბერალიზაციას და თუ ეს პროცესი დასრულდება, საქართველო დასავლური მთავრობებისთვის პრიორიტეტების სიაში ძალიან დაბლა ჩავა. ვფიქრობ, სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. ერთ-ერთი ის იყო, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ახალი წელი მიულოცა, მოგვიანებით განმარტეს, რომ ახალი წელი ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერს მიულოცა. ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს. ამ მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს. ჩვენ უკვე ისეთი სიტყვების გამოყენებასაც ვიწყებთ, როგორიცაა დე ფაქტო პრეზიდენტი, მინისტრი – თუ ასეთ ენას ვიყენებთ, მაშინ ნამდვილად არ უნდა ვაგრძელებდეთ ფორმალურ დიპლომატიურ კორესპოდენციას მათთან” , – განაცხადა ბობ ჰამილტონმა.