მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველო დემოკრატიულ ტრაექტორიას დაუბრუნდება და ევროკავშირში გაწევრიანება განახლდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებასა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წლისთავზე მედიის მიმართ სასტიკი მოპყრობის თვითმხილველი იქნებოდა.
“ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მადლობელი ვარ ამ რთულ დროს თქვენთან შეხვედრისთვის. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ყველანი გავხდით მომსწრენი ძალადობრივი, ამაზრზენი თავდასხმების თქვენი და თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დაშავებულები, თქვენი კოლეგები, სწრაფად გამოჯანმრთელდებიან და ასეთი ამაზრზენი თავდასხმები აღარ განმეორდება. ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისაჯოს.
ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი ხელმისაწვდომი და მეპასუხა ჟურნალისტების ყველა კითხვაზე, მაგრამ დღეს აქ ვარ, რომ გამოვხატო სოლიდარობა იმ შემაძრწუნებელი მოპყრობის გამო, რომელსაც თქვენს, როგორც ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების მენეჯერების მიმართ ბოლო კვირების განმავლობაში ხორციელდებოდა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 1 წლისთავზე (2023 წლის 14 დეკემბერს) მედიის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობის თვითმხილველები ვიქნებოდით.
მადლობელი ვარ ეთიკის ქარტიის ამ შეხვედრის მასპინძლობისთვის. როდესაც ევროკავშირმა (ევროპის საბჭოსთან ერთად) 2009 წელს ეთიკის ქარტია დააარსა, მისი მიზანი იყო ქართულ ჟურნალისტიკაში ევროპული სტანდარტების, ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის პოპულარიზაცია. ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ დავაარსეთ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში (13 წლის წინ) სტანდარტების შემდგომი წახალისებისა და მედიის ხარისხისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობისთვის.
წლების განმავლობაში გვჯეროდა, რომ მედიისთვის პრიორიტეტული საჭიროება სტანდარტების განვითარება იყო. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ასეთი პრიორიტეტები ძირეულად შეიცვალა. ამჟამად პრიორიტეტია ჟურნალისტების ფიზიკური დაცვის აუცილებლობა ცემისგან, ფიზიკური და სიტყვიერი აგრესიისგან, დაშინებისგან, დევნისგან, არასათანადო მოპყრობისაგან და წამებისგანაც კი – ეს არის საგანგაშო სიტყვა, რომელიც სახალხო დამცველის განცხადებებში არის გამოყენებული. არ შეიძლება, რომ ეს გულთან ახლოს არ მივიტანოთ.
ევროკავშირი არაერთ მედიის განვითარების პროექტს აფინანსებს და ბევრი თქვენგანი შეიძლება მათი ბენეფიციარიც იყოს. ხელისუფლების მხრიდან მედიისადმი მოპყრობის გამო, ზოგიერთ პროექტს მოუწია თავიანთი აქტივობების ადაპტირება ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის თემაზე ტრენინგების ჩასატარებლად. ამ მიუტევებელი მოვლენების ფონზე, მივესალმები იმ მედეგობას და გამბედაობას, რომელიც თქვენ, როგორც მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა გამოიჩინეთ. თქვენი შრომა არის ის ძალა, რომელიც სათანადოდ უნდა დაფასდეს. როგორც უცხოელი დიპლომატები, დიდად ვაფასებთ და ვეყრდნობით თქვენს მუშაობას, რომელიც რთულ მოვლენებში გარკვევაში გვეხმარება. თქვენ ასევე აჟღერებთ თითოეულ ჩვენ ხმას, როდესაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა.
ყველა განცხადებაში და ყველა დონეზე, ევროკავშირი მუდმივად გმობს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიის გაჩუმებას და მის პროფესიულ მოვალეობებში ხელის შეშლას. გაგებული გექნებათ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის გუშინწინდელი განცხადება, რომ „დემოკრატიები არ თრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ“. სწორედ ამიტომ, განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ურყევი მხარდაჭერა ჩვენს პრიორიტეტად დარჩება. ასევე ნახეთ, რომ ევროკავშირი შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილ დაფინანსებას, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ და კიდევ გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.
გასული წლის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ დაჯილდოების ცერემონიაზე მივმართე მედიას თხოვნით, ჰქონოდა მეტი და უკეთესი კომუნიკაცია გაფართოების პროცესზე და თუ რას ნიშნავდა ის საქართველოსთვის. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ მიღებული რიგი არადემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო.მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი საქმის კეთება და საზოგადოების ინფორმირება.
არ მინდა, ამ ნეგატიური განწყობით დასრულება და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველო დემოკრატიულ ტრაექტორიას დაუბრუნდება და ევროკავშირში გაწევრიანება განახლდება.
ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი ამ ტრაექტორიის ერთგულია; თქვენ ეს დაამტკიცეთ თქვენი თავგანწირვით და ჟურნალისტური პროფესიისადმი თავდადებით. მადლობა ყველას ამისთვის”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.