აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი რუსული ბაზის შესაძლო შექმნის შესახებ ინფორმაცია შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია ხმამაღლა და მკაფიოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი რუსული ბაზის შესაძლო შექმნის შესახებ გავრცელებული მოხსენება, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს იქნება 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით რუსეთის ვალდებულების აშკარა დარღვევა, რომელზედაც ჩვენ, ევროკავშირმა მოვილაპარაკეთ. ასე რომ, ცხადია, ეს ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.