ახალგაზრდები დარბიან, ხან რას ამტვრევენ, ხან რას. ოპოზიციას ევალება, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას ახალგაზრდები უსმენდნენ. ახლა პასუხისმგებლობას აქციებზე არავინ იღებს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ აქციები გაგრძელდეს საჭიროა დისკუსია და კონკრეტული ეტაპების გავლა.
“ზოგადად ადეკვატური როგორ შეიძლება იყოს პარლამენტის ავსება სპეცრაზმით და იმის გამო, რომ იქ სპეცრაზმია, დეპუტატების არშეშვება? აი, აქედან დავიწყოთ. გასაგებია, გუშინდელი აქციის ყველა ნაწილი მე არ მომწონდა და მათ შორის, ეს უაზრო კარებთან ჯაჯგური, მაგრამ ოპოზიციას ევალება, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას ახალგაზრდები უსმენდნენ. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა ზოგადად დისკუსიები და მედია გავხსნათ, იმასთან დაკავშირებით მინიმუმ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს აქციები. იმიტომ, რომ ახლა პასუხისმგებლობას აქციებზე არავინ იღებს, ახალგაზრდები დარბიან – ხან რას ამტვრევენ, ხან რას. საბოლოოდ ჯამში, ეს პასუხისმგებლობას მოიტანს და არავინ პასუხისმგებელი რომ არ იქნება, აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდებს ვიღაც მარტო ტოვებს პირისპირ მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს და მათ შორის, მედიასაშუალებებს, რომ მოდით გავხსნათ დისკუსია პოლიტიკურ პარტიებში, იმ პარტიებს შორის, ვინც ბუნებრივი ბარიერი გადალახა წინა არჩევნებზე, თუ როგორ ვუყურებთ ზოგადად მიტინგების განვითარებას და როგორ ვუყურებთ “ქართული ოცნების” შემდეგ ამ ქვეყნის განვითარებას.
აქციას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა. ჩემი რწმენით ეს მოთხოვნა უნდა იყოს – “ არა რუსულ კანონს”, რაც არის და დაკავებული ხალხის დაუყოვნებლივ გამოშვება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.