“გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” პირობებში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა და საარჩევნო ბარიერის დაწევის მოლოდინი არ აქვს და 5-პროცენტიანი ბარიერის დაძლევისთვის ემზადება.
იაგო ხვიჩიას თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაბიჯები არაპროგნოზირებადია.
“ჩვენ ვემზადებით 5-პროცენტიანი ბარიერის დასაძლევად. არ შეიძლება ნორმალური ადამიანი, იმ ინფორმაციით, რაც მას გააჩნია, იყოს იმის იმედად, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, ან „ქართულ ოცნებას“ მოუნდება და იმ დროს “ნაციონალური მოძრაობა” იქ იქნება დარბაზში და გასული არ იქნება რამე საქმეზე.
შესაბამისად, უნდა მოვემზადოთ, ასეთი იქნება ბარიერი თუ ისეთი, წარმატებას მივაღწიოთ. დახმარებასაც და მხარდაჭერასაც იმიტომ ვთხოვთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ამათ იმედად ნუ დაგვტოვებენ. არ შეიძლება ამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის იმედად იყო”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ხალხის პრობლემებისაგან ჩამოშორებულია და და პოლიტიკოსები საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებული.
“ოპოზიციას თუ წარმატება უნდა, ბევრად უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, ვიდრე ეს შესვლა – არ შესვლა, გასვლა – გამოდი, რომელიც არ დამთავრდა, წელიწადნახევარია. რამდენი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, ჩვენ რაც გვაწუხებს, პოლიტიკოსებს, ბატონ ბადრის, იაგოს, ლევანს, დათოს, ჩვენ რაც გვაწუხებს და ჩვენ მეგობრებს. ვერ გადავედით ვერცერთ ისეთ საკითხზე, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს აწუხებს. რომელიმე მათთვის საინტერესო ერთ საკითხზე კონცენტრირებულად არ გვესაუბრია. ადამიანებს სულ სხვა რამ აწუხებთ, გაღატაკებულია ხალხი, ჩვენ ჯერ კიდევ ვარკვევთ, ვის დავუჭერთ მხარს რიგგარეშე არჩევნებზე. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება გვიბიძგებს, რომ ეს გავაკეთოთ, რომ რეალურად არ დარჩეს ადგილი იმ თემებზე სალაპარაკოდ, რაზეც საუბარი ხელისუფლებას არ აწყობს” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის” ეთერში.