ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მოქმედება ჯერ არც დაუწყიათ. “ქართულმა ოცნებამ” რა გეგმაც წარმოადგინა იმით შესრულება, ჩემი აზრით, ვერ მოხდება, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნების” სამოქმედო გეგმა აცდენილია ევრორეკომენდაციების შესრულების მიზანს.
“ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მოქმედება ჯერ არც დაუწყიათ. “ქართულმა ოცნებამ“ რა გეგმაც წარმოადგინა, იმით შესრულება, ჩემი აზრით, ვერ მოხდება, მაგრამ ჯერ არც დაწყებულა ამაზე მუშაობა. აქედან გამომდინარე რთულია, გითხრათ რა შედეგს მივიღებთ დეკემბერში, მაგრამ რა ტემპითა და პროცესითაც მიდიან და რა ხედვაც აქვს “ქართულ ოცნებას“ – მე მგონია, რომ აცდენილია იმ სულისკვეთებას, რითაც ჩვენ ეს 9 რეკომენდაცია მოგვცეს ჩვენმა პარტნიორებმა”, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება იმას, შეიცვლება თუ არ ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რაიმე ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.
“ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თავისუფლება ექნება ირაკლი კობახიძეს ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ, რომ თქვენ მოგეხსენებათ, საქართველოში პრემიერები მთლად ისეთი პრემიერები არ არიან, როგორც უნდა იყვნენ. ჩვენთან პრემიერებს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ნიშნავს და შესაბამისად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე რა უფლებას გასცემს პრემიერზე, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეა, საბოლოო ჯამში, წარმატება-წარუმატებლობის საკითხიც”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ Front News-თან.