მივმართავ პრეზიდენტს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით, არარეალურია.
“მე არარეალისტური მგონია ეს, გამომდინარე იქიდან, რომ ამაში “ქართული ოცნების” თანხმობაა საჭირო. პრემიერის თანახელმოწერას საჭიროებს და ამ საკითხზე ” ქართული ოცნების” მიერ რეფერენდუმის ჩატარების ნაკლებად მჯერა.
ჩემი აზრით, ჩვენ ახალი კონსტიტუციის შექმნაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა. კონსტიტუციაში ეს მართლაც წერია, მაგრამ ეს ” ქართული ოცნების” მიერ ერთპიროვნულად მიღებული და ამავე ” ოცნების” მიერ ერთპიროვნულად დარღვეული კონსტიტუციაა. ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრი ახალ კონსტიტუციაზე უნდა მუშაობდეს.
მივმართავ პრეზიდენტს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.