“ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებით მოქმედებს, რაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით დასრულდება, – ამის შესახებ “გირჩის”დეპუტატი იაგო ხვიჩია Front News-თან საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი ნაკლებადდამაჯერებელი შიმშილობა “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებას ემსახურებოდა.
“ჩვენ თავიდანვე მიგვაჩნდა, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძროაბა” შეთანხმებით მოქმედებდა. ჩვენ ვუყურებთ ფართო სურათს და ამ ერთიან სურათში ჩანს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებამდე 43 პროცენტს ვერ იღებს, 37% აქვს, “ნაციონალური მოძრაობას” – 22-დან 25 პროცენტამდე. ჩამოდის მიხეილ სააკაშვილი, ჩამოდის ძალიან უცნაურად და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბარდება “ქართულ ოცნებას”. შედეგად, “ოცნებამ” მოახერხა თავისი მხარდამჭერების მობილიზება მიხეილ სააკაშვილის მტრის ხატის გამოყენებით. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ნაკლებადდამაჯერებელი ვერსია 50-დღიანი შიმშილობის სწორედ “ქართული ოცნების” მიერ არის გამყარებული. მე ნაკლებად მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის სრულ ვადას მოიხდის ციხეში. ახლა დარჩენილია ამ შეთანხმების ბოლო ეტაპი, რაც არის მიხეილ სააკააშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ეს პროცესი აწყობდა “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან მან ამით შეძლო, რომ “შუა გაეკრიფა’ და სხვა ოპოზიციური პარტიები გვერდით გაეწია.
რაც შეეხება ამ “სპექტაკლში” “ქართული ოცნების” სახეების როლს, ხვიჩია მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ისინი ყველაფრის საქმის კურსში არ არიან.
“ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ სააკაშვილს არ გადაიყვანდენ და ზუსტად ერთ საათში გაკეთდა განცხადება, რომ მას გორის ჰოსპიტალში გადაიყვანდენ. არ გამოვრიცხავ, რომ ყველა ადამიანი არც იყოს საქმის კურსში ამ შეთანხმების”, – აცხადებს ხვიჩია.