კობახიძით ღარიბაშვილის ჩანაცვლება პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ პრობლემაა კადრები “ქართულ ოცნებაში“ და უწევთ ერთი და იმავე წრეზე ტრიალი. უშუალოდ, რა მოტივი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს არ ვიცი, – ამის შესახებ Front News-ს პარტია “გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ქვეყნის მართვის კუთხით თუ იდეოლოგიით, დიდი განსხვავება არ არის და ორივე ფიგურას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს.
“მე არ ველოდები რამე განსაკუთრებულ ცვლილებას ქართველი ხალხისთვის. იმიტომ რომ ორივე ეს ადამიანი ჩვენთვის ცნობილია და აქამდე არ შეგვიმჩნევია, რომ რაიმე განსაკუთრებული იდეოლოგიური განსხვავება ჰქონოდათ ერთმანეთში ან ქვეყნის მართვის მოდელთან დაკავშირებით ჰქონოდათ განსხვავებული აზრები. შესაბამისად, ამ ნაწილში რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ქვეყნის მართვის თვალსაზრისით არ ველოდები“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
რაც შეეხება ოპოზიციას, “გირჩის“ ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიცია მეტად უნდა აქტიურობდეს.
მისივე თქმით, პოლიტიკური სპექტრი აცდენილია ადამიანების მოთხოვნებს.
“ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი გამქრალიყო, მაგრამ რადგანაც ეს არ ხდება, მაშინ უნდა გააქტიურდნენ, იმიტომ რომ ახლა ფაქტობრივად, ერთ ადგილას ასვენია პოლიტიკური პროცესი. ოპოზიცია ელოდება შემოდგომას, გეგონება, ყველაფერი დალაგებული იყოს და შემოდგომაზე მოგებას ელოდებოდეს იმ კონფიგურაციით, რაც არის. დადიან რეგიონებში, მოძრაობენ რაღაც მიმართულებით, მაგრამ არ მოძრაობენ რამე კონკრეტული მიმართულებით“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ Front News-ს.