სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების“ ორი პრეზიდენტი იყვნენ, რომელთაგან არაფერი დარჩება საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ პარტია “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის შეთავაზება არაფრით განსხვავდება წინა შეთავაზებებისგან, სადაც ზურაბიშვილი ცდილობს, შექმნას კვაზი პროცესები.
“პრეზიდენტს თუ რაიმე უნდოდა, შევთავაზეთ, რა უნდა გაეკეთებინა. მგონი, პრეზიდენტს დროის გაყვანა უნდა, რომ არჩევნებამდე მიგორდეს, რათა მის მიმართ ნაკლები პრეტენზია არსებობდეს და ალაგ-ალაგ ოპოზიციაში გულუბრყვილო ხალხი იყოს, ვინც მას შეაქებს, როგორც ოპოზიციონერს. არჩევნებამდე მივგორდებით და საპნის ბუშტივით გაქრება ქალბატონი სალომე და მისი პრეზიდენტობა. სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების“ ორი პრეზიდენტი იყვნენ, რომელთაგან არაფერი დარჩება საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ორბელიანის სასახლეში შეხვედრებს მართავს. ზურაბიშვილის თქმით, უნდა შეიქმნას ევროპის პლატფორმა, რომელშიც ყველა პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას.