“გირჩის” ლიდერს იაგო ხვიჩიას პარტიის ოფისში უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.
დეპუტატმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ხვიჩიაა აცხადებს, საკუთარ ოფისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა.
“სინამდვილეში, ეს ყველაფერი გამოწვეულია “ქართული ოცნების” და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, “ბიბლიური თავისუფლების” დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში, ახლა მეორე ძმამ მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა.
მოვიდა ოფისში, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ მისი მოქნეული ხელი მომხვდა. მერე საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა, რომ დაიჭირონ.
არ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, მე თვითონ მივხედავ. დეპუტატმა ის განვაცხადო, რომ მურუსიძის სასამართლოს ვენდობი?” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.