იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.
ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლისას იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს უცნობმა მამაკაცმა ესროლა. აბემ მაშინვე გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიტიკოსი ფილტვებისა და კისრის არეში იყო დაჭრილი.
თავდამსხმელი პოლიციამ მაშინვე დააკავა, რომელიც 41 წლის ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. ის ადრე საზღვაო თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
67 წლის სინძო აბემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2006 წლის სექტემბერში დაიკავა. პოსტიდან ის 2020 წელს გადადგა, თუმცა მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში ამ დრომდე გავლენიან ფიგურად რჩებოდა.