ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არაა კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს უკრაინაში. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა, თუმცა კონფლიქტის ესკალაციას ხელი უნდა შევუშალოთ, რაც ბევრად ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს და უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ალიანსისთვის უსაფრთხოების გარემო ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც ნატო-მ აღმოსავლეთ ნაწილი გააძლიერა.
“პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი და მიმართოს დიპლომატიას. ნატო-მ უპასუხა ამ კრიზისს უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერით და რუსეთისთვის უპრეცედენტო წნეხით. ახლა ალიანსის ასობით ჯარისკაცი მზადყოფნაშია ალიანსის დასაცავად. 100 ათასი ამერიკელი სამხედრო ევროპაში იმყოფება და 40 ათასი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული, მათ ზურგს უმაგრებს საჰაერო და საზღვაო დაცვა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ხვალინდელ სამიტზე ლიდერები ნატო-ს სარდლობასთან ერთად, შევთანხმდებით ნატო-ს ძალების დამატებით გაძლიერებაზე აღმოსავლეთ ნაწილში, – ჰაერში, ხმელეთსა და წყალში. პირველი ნაბიჯია ახალი საბრძოლო დანაყოფების განლაგება ოთხ წევრ სახელმწიფოში. ესენია: ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ჩათვლით გვეყოლება რვა საბრძოლო დანაყოფი. ჩვენი უსაფრთხოება ახალი გამოწვევის წინაშე დგას. 2014 წლიდან დღემდე ნატო-მ გაწვრთნა უკრაინის შეირაღებული ძალები და გააძლიერა მათი საბრძოლო უნარები. ბოლო ერთ თვეში უკრაინას გადავეცით ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემების დრონები, აღმოვუჩინეთ ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ დამატებით დახმარებაზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების გაძლიერება და აღჭურვილობა ქიმიური, ასევე ბიოლოგიური შეტევისგან თავის დასაცავად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.