სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშორებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მთელი მსოფლიო ცდილობდა მოსკოვთან დიალოგის წარმოებას პოლიტიკური და დიპლომატიური გზით. დღეს უნდა გამართულიყო შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. იყო შეთანხმებული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართებოდა სამიტი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, პარალელურად, მუშავდებოდა პუტინის ნამდვილი სცენარი. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, პუტინმა გამოაცხადა ოპერაცია, რომელიც უკავშირდებოდა ამ მოსახლეობის „სიცოცხლისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფას“. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ნიუ-იორკში იმართებოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. ამ სხდომის ჩატარებას ითხოვდა უკრაინა, რადგან ხედავდა, სადამდე მივიდოდა მოვლენები. მოლაპარაკების დრო დასრულდა ჩემს სახელმწიფოში, დაიწყო ომი. დაჟინებით ვმუშაობდით, რომ ყველა საკითხი ცივილიზებული, პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით გადაწყვეტილიყო.
სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს – საკუთარ თავს აძლევს უფლებას, დაარღვიოს საერთაშორისო პრინციპები და ნორმები და განახორციელოს შეიარაღებული აგრესია. თავიდანვე, დილის 5 საათიდან, გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც პუტინს უნდოდა ამის ჩვენება, და რომ ეს არის ნამდვილი ომი“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.